GEOGRAPHICAL LOCATION


Share this Page:


ქალაქი მცხეთა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში მდინარეების - მტკვრისა და არაგვის შესართავთან ზღვის დონიდან 480 მეტრის სიმაღლეზე. მცხეთის კოორდინატებია: 41'51",N44'43".

მცხეთის ჩრდილო-დასავლეთის დიდი ნაწილის ვრცელი ფართობი მუხრან-საგურამოს ვაკეს უკავია. სამხრეთ ნაწილში წლევა-თხოთისა და სხალტბის ქედებია, აღმოსავლეთით ქართლისა და საგურამოს ქედების კალთები ეშვება. რელიეფი დაბალმთიანია. საგურამოს ქედი აგებულია ნეოგენური კონტინენტური კონგლომერატებით, ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. მცირე მდინარეებითა და ღელეებით დანაწევრებულ სამხრეთ კალთას აქვს ვაკის ან მობრტყელებული მაღლობის სახე. შედარებით უფრო ნაკლებადაა დანაწევრებული ჩრდ. კალთა, ქედის დას. ციცაბო კალთა ეშვება მდინარეების - არაგვისა და მტკვრის ხეობებში. მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, მდინარე არაგვსა და მდინარე ქსანს შორის მდებარეობს სხალტბის ქედი, რომლის ჩრდ. დამრეცი კალთა თანდათანობით გადადის მუხრან-საგურამოს ვაკეში, სამხრეთით ციცაბოდ ეშვება მტკვრის ხეობაში. სამხრეთ კალთა დაღარულია მშრალი ხევებითა და ხრამებით. არის მაღალი ფლატეები, მრავალი ხელოვნური გამოქვაბული. მცხეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი უჭირავს თრიალეთის ქედის აღმ. კალთის ჩრდ. მონაკვეთს, სადაც აღმართულია საწკეპელის ქედი, რომლის აღმოსავლეთ მონაკვეთს არმაზის ქედსაც უწოდებენ. ქედის ჩრდილო-დასავლეთი ციცაბო კალთა დაღარულია მდ. მტკვრის მარჯვენა შენაკადების, სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთა კი დიღმისწყლის მარცხენა შენაკადების ხეობებით. აქვე შემოდის მსხალდიდის ქედის ჩრდ. კალთა, ქედის აღმ. მონაკვეთს ლისის ქედსაც უწოდებენ. თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე კარგად არის გამოხატული მოსწორებული ზედაპირები. მცხეთის ფარგლებშია ქართლის ქედის დასავლეთი და საბადურის ქედის სამხრეთ კალთის ნაწილი და ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ მთისწინეთის ვიწრო ზოლი.

ჰავა - მცხეთა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქშია მოქცეული. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა +10,8-იდან +12°C-მდეა, იანვრის ტემპერატურა -1,1°C, ივლისის +22,1°C. იცის ზომიერად ცივი ზამთარი (აბსოლუტური მინიმალური -29°C)და ხანგრძლივი ცხელი ზაფხული (აბსოლუტური მაქსიმალური +39°C), ნალექები – 590 მმ წელიწადში. სხალტბის, საგურამოს და ქართლის ქედებზე ზომიერად ნოტიო ჰავაა.

ნიადაგი - მუხრან-საგურამოს ვაკეზე მდელოს ალუვიური, კარბონატული და მდელოს ყავისფერი ნიადაგებია. მდელოს ყავისფერი ნიადაგია, აგრეთვე, მტკვრისპირა ვაკეზე და თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთის მთისწინეთში. ფართოდ არის გავრცელებული ტყის ყავისფერი ნიადაგი ქართლის, სხალტბის, საგურამოსა და თრიალეთის ქედებზე.

შიგა წყლები - მცხეთაში არის მდინარეები - მტკვარი, არაგვი, ნარეკვავი, ქსანი და თეზამი. მტკვარი შერეული საზრდოობის მდინარეა, საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მტკვარზეა 1922 წელს აგებული ზემო ავჭალის ჰოდროელექტროსადგური, მტკვრისა და არაგვის შესართავის მახლობლად.

მდინარე არაგვი - რომელიც საქართველოს მთიანეთიდან მოედინება, ზემო და შუა დინებაში მთის მდინარეა, ხოლო ქვემო დინებით მუხრან-საგურამოს ვაკეზე იშლება. იგი კვეთს სხალტბისა და საგურამოს ქედებს, მცხეთასთან მდინარე მტკვარს ერთვის.

მდინარე ნარეკვავი - სათავეს იღებს ალევის ქედის სამხრეთ ბოლოდან, ერთვის მდინარე არაგვს მარჯვენა მხრიდან.

მდინარე თეზამი - სათავეს იღებს იალნოს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, არის მდინარე არაგვის მარცხენა შენაკადი.

ქსანი - მდინარე ოსეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. იგი სხალტბის ქედს კვეთს და სოფელ ქსანთან მდინარე მტკვარს უერთდება მარცხენა მხრიდან.

მცენარეული საფარი - მცენარეულობა მდიდარი და მრავალფეროვანია. თრიალეთის, ქართლისა და საგურამოს ქედების მთისწინეთებში განვითარებულია ჯაგეკლიანები: ძეძვი, გრაკლა, შავჯაგა, ქონდარა, ნუში, ბერყენა, კვრინჩხი; არის, აგრეთვე, ჯაგრცხილა და დაბუჩქული მუხა. გვხვდება ჯაგრცხილნარ-მუხნარიც. სხალტბის ქედის ჩრდ. კალთაზე გარდა ჯაგეკლიანი სტეპისა არის ტყეც: ქვემო ნაწილში მუხნარ-რცხილნარი, ყველაზე მაღალ ადგილებში - წიფლნარი. შიომღვიმის მიდამოებში გვხვდება ქართული მუხა, ღვია, ჯაგრცხილა, შინდი და სხვა. სხალტბის ქედის სამხრ. კალთის ტყეში შეჭრილია კოლხური ფლორის მცენარეულობა. საგურამოს, თრიალეთის, ქართლის ქედების კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია მუხნარ-რცხილნარით. ტყეში ბევრია პანტა, მაჟალო, შინდი, კავკასიური თხილი, კუნელი. ტყის ზემო ნაწილში არის წიფელი, ქორაფი, ლეკა, რცხილა, ცაცხვი, მდგნალი. საგურამოს ტყის ქვედა ნაწილში გავრცელებულია კოლხური ფლორის ელემენტები. მდინარე არაგვის ნაპირას ჭალის ტყეებია (დაბლობის მუხა, ვერხვი, ტირიფი, თელა).

ცხოველთა სამყარო - მრავალფეროვანია მცხეთის ფაუნაც, აქ გავრცელებულია: შველი, გარეული ღორი, კავკასიური მურა დათვი, მგელი, მელა, ტურა, ფოცხვერი, კურდღელი, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, წავი, ზაზუნა. ფრინველებიდან – კაკაბი, მწყერი, გარეული მტრედი, შაშვი, კაჭკაჭი, ყვავი, ბეღურა და სხვა. მდინარეებში არის სხვადასხვა სახეობის თევზი - ქაშაპი, მტკვრის ტობი, ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა, თაღლითა, გველანა, კობრი.

მცხეთის ჩრდ.-აღმოსავლეთით მდებარეობს საგურამოს ნაკრძალი (ფართობი - 5300 ჰა), რომელიც 1957 წელს შეიქმნა. მისი უმეტესი ნაწილი ტყითაა დაფარული. ნაკრძალი თბილისიდან 30 კილომეტრზეა. მისი შექმნის მიზანი იყო აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ტყის შენარჩუნება და მის ბინადართა დაცვა, მათ შორის, ისეთი იშვიათი სახეობების, როგორებიცაა კავკასიური ირემი და ფოცხვერი. დაგეგმილია საგურამოს ნაკრძალისთვის თბილისის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილის მიერთება, რომელსაც შემდგომში თბილისის ეროვნული პარკი ერქმევა.

მცხეთის დედაქალაქად ქცევაში დიდი როლი ითამაშა მისმა ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ: აქ იყრიდა თავს გზები დასავლეთ საქართველოდან, მესხეთიდან, სომხეთიდან, ალბანეთიდან, ჩრდილო კავკასიიდან; აქ გადიოდა მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზები - აბრეშუმის გზა, აქლემის გზა და ცხვრის გზა.