მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ა. ალექსიძის ნეშტი მცხეთაში დაკრძალეს.


გააზიარე:


24 ივნისს, თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოზე 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომში, უკრაინაში დაღუპული აბესალომ ალექსიძის ნეშტი დაკრძალეს. ცერემონიას ოჯახის წევრებთან ერთად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და უწყების თანამშრომლები, მცხეთის რაიონის ვეტერანები, ასევე ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე, მერიის წარმომადგენლები და სხვა სასულიერო და ოფიციალური პირები დაესწრნენ. დაღუპული მეომრის ხსოვნისადმი პატივისცემა საპატიო ყარაულმა პატივი ზალპით სცა. 21 ივნისს უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციას აბესალომ ალექსიძის ნეშტი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია „закончим войну“-ს წარმომადგენლებმა გადასცეს. ქართველი მეომრის აბესალომ ალექსიძის ცხედარი უკრაინაში ჟიტომირის რაიონში მიმდინარე გათხრებისას აღმოაჩინეს. გათხრებს ჩეჩნური არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი წარმომადგენლები აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის მასშტაბით აწარმოებენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ისა სარდალოვმა ალექსიძის ნეშტის აღმოჩენის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელებს 2016 წლის შემოდგომაზე შეატყობინა. ისა სარდალოვის იფორმაციით ამ ეტაპზე ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე აღმოჩენილია 800-მდე მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი მეომრების ცხედარი, რომელთა იდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს, ხოლო უკრაინაში აღმოჩენილ ცხედართა მონაცემები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გადაეცა შემდგომი კორექტირებისათვის. ამ ეტაპზე 85 პირის იდენტიფიკაცია და ოჯახების წევრების მოძიება მიმდინარეობს.