მცხეთა - მთიანეთის მხარე საეთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე


გააზიარე:


27 აპრილს, საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში გაიხსნა კავკასიის მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა 2017, რომელიც ტარდება ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და Expo Georgia - ს ორგანიზებით. გამოფენის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ასევე National Tourism Awards. საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობის გახსნას დაესწრნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე, ქალაქ მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი , მერიის განათლების, კულტურის ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები. გამოფენაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული კომპანიები. ასევე, საქართველოს სტენდებით წარმოდგენილნი არიან საქართველოს რეგიონები. გამოფენაზე სრულადაა ნაჩვენები საზღვაო და სამთო კურორტები, ავია სააგენტოები და სატრანსპორტო კომპანიები, ბიზნეს, სათავგადასავლო და ეკო ტურისტული კომპანიები, სასტუმროების და რესტორნების აღჭურვილობა და აპარატურა, ეროვნული პარკები, კულტურული და სათავგადასავლო ტურიზმი. საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე ტურისტულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ , უშუალოდ ჰქონდეთ კონტაქტი პოტენციურ პარტნიორებთან, ისინი ადგილზე ხვდებიან მომხმარებლებს, ვისაც შეუძლია შეიძინოს მათი ტურისტული პაკეტი. 27-29 აპრილის ჩათვლით, 3 დღის განმავლობაში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ გამოფენა-ბაზრობა და დაგეგმონ მოგზაურობა. აღსანიშნავია, რომ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ტურიზმის განვითარების ცენტრი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე 2000 წლიდან მონაწილეობს.