მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი ახალ შენობაში გადავა


გააზიარე:


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი 2019 წლიდან ახალ შენობაში განთავსდება. 23 000 არტეფაქტი ყოფილ კინოთეატრში განთავსდება, რომელიც თანამედროვე სამუზეუმო სივრცედ ადაპტირდება. ამჟამად კოლექციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ძვირფასი ლითონების კოლექცია ეროვნულ მუზეუმშია დროებით წარმოდგენილი. დარჩენილი ნაწილი კი მცხეთის გამგეობის შენობის საცავებში ინახება.
მუზეუმის პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთობლივი მუშაობით მომზადდა - მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე რეგიონული განვითარების მესამე პროგრამის ფარგლებში. პროექტი შემუშავდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით, მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით. პროექტი კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ“ არქიტექტორ ზაზა იაშვილის ავტორობით მოამზადა.
პროექტი ითვალისწინებს შენობის გადაგეგმარებას, საგამოფენო სივრცეების, ფონდსაცავების, საკონფერენციო სივრცის და სხვა დამხმარე ვიზიტორთა თუ ადმინისტრაციული სათავსების მოწყობის მიზნით.
პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის - „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელება. მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყობა და აღიჭურვება გარე განათებებით, ავტოსადგომით და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის ძველი კინოთეატრის მუზეუმად ადაპტირების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სარეაბილიტაციო და ადაპტაციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული დაფინანსებით განხორციელდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 7 მილიონ 250 ათას ლარს შეადგენს. სატენდერო წინადადებების მიღება 30 ნოემბრიდან დაიწყება და 4 დეკემბრამდე გასტანს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ფიზიკური სამუშაოები წელიწადნახევარში უნდა დაასრულოს.
ქ. მცხეთის ყოფილი კინოთეატრი 1960-იან წლებში აიგო არქიტექტორ გ. ჯაბუას ავტორობით და მეოცე საუკუნის არქიტექტურის საინტერესო და ღირებულ ნიმუშს წარმოადგენს. წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი შენობა 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ამ პერიოდიდან უწყება მის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტზე მუშაობს.