"სვეტიცხოვლობა-მცხეთობა 2017"


გააზიარე:


საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 14 ოქტომბერს „ კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღვთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“-ს დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში , სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. მცხეთის ცენტრალურ მოედანზე გამართული სცენიდან ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ ღონისძიება საზეიმოდ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სვეტიცხოვლობა- მცხეთობა მიულოცა, ასევე მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ. ქალაქის მერმა, სცენაზე წარადგინა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები. მცხეთის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭა და დიპლომები გადასცა : ნანა ბოხუას ღირსეულ პედაგოგს, მეორე საჯარო სკოლის დირექტორს, როგორც მცხეთის მოსახლეობის განათლებაში შეტანილი წვლილისათვის. ირაკლი გეგელიას, მცხეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „მომავლის რწმენა’’ დამაარსებელს, აღსაზრდელების განათლებისა და სულიერ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. გურანდი მაჩხანელს, ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის და ქალაქ მცხეთის მოსახლეობის განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მცხეთის ცენტრალურ ქუჩაზე, მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა კულტურული ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მცხეთისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საესტრადო, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული,ხალხური და ვოკალური ანსამბლები. მოეწყო რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის, თექის, ფერწერის, გრაფიკის, მელქიორის, ვერცხლის,მინანქრის ნამუშევრები და „ბარაქიანი შემოდგომა“ ფორმატის ფარგლებში მოეწყო საშემოდგომო ნობათის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ცენტრალურ მოედანზე ბავშვებისათვის დამონტაჟდა საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ასევე პატარების გართობაზე ზრუნავდნენ ზღაპრის გმირები. საზეიმო დღე დატვირთული იყო ისეთი სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებებით როგორიცაა, ქართული ჭიდაობა, სპორტული ნარდი, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, კარატე, ჭადრაკი, ფრენბურთი. „მცხეთობა 2017“ ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა, კონცერტში მონაწილეობა მიიღო ნიაზ დიასამიძემ და ჯგუფმა 33 ა და ჯგუფმა “The Light Room “. დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთაში იმყოფებოდნენ ცენტრალური და ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები ლიტვიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან.