ფესტივალი Art- გენი ქალაქ მცხეთაში


გააზიარე:


12 ივლისს, მცხეთის ახალ ნავსადგურში, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ფესტივალი Art-გენი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის, ქალაქ მცხეთის მერიის და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთა მთიანეთის მხარის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე, ვიცე მერი გიორგი ელოშვილი, ქალაქ მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი, საკრებულოს წევრები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. ახალი ნავსადგურის ტერიტორიაზე მოეწყო ხალხური რეწვის გამოფენები; გამოფენა "მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა", ასევე გაიმართა ფოლკლორული კონცერტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით და „შავფაროსნების“ ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი შოუ. დღის ბოლოს ფესტივალის რეგიონული ტურნე მცხეთის ნავსადგურში „თსუ გორდელას“ სოლო კონცერტით დაიხურა. მცხეთის ახალი ახალი ნავსადგური, რომელიც სანაოსნო ტურის ფარგლებში სტუმრებს მცხეთის და საქართველოს ისტორიას 15 ენაზე აცნობს, ოფიციალურად 12 ივლისს გაიხსნა და პრეზენტაცია Art-გენის ფარგლებში გაიმართა. Art-გენი 2017 10 ივლისს რეგიონული ტურნეთი სურამში გაიხსნა. ფესტივალი ტრადიციულად თბილისის ტურით ეთნოგრაფიულ მუზეუმში 17-24 ივლისს დასრულდება. 14 წლის არსებობის მანძილზე ფესტივალი Art-გენი ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე საავტორო, ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. ამიტომ, რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს. შემთხვევითი არაა, რომ წელს ერთ-ერთ რეგიონად იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული მცხეთა, კონკრეტულად კი მცხეთის ახალი ნავსადგური შეირჩა.