ისტორია


გააზიარე:


2014 წლის 15 ივნისს ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ქალაქი მცხეთა პირველად თავის ისტორიაში თვითმმართველი ქალაქი გახდა.

ქალაქის მოსახლეობას პირველად მიეცა შესაძლებლობა, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით აერჩია მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი - ქალაქის მერი.

15 ივნისის არჩევნებში მონაწილე 6 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ შეძლო 50 % - იანი ბარიერის გადალახვა. სესაბამისად 12 ივლისს მეორე ტური ჩატარდა. ცესკოს 2014 წლის 22 ივლისის შემაჯამებელი ოქმის თანახმად მეორე ტურში გაიმარჯვა (63%) და ქალაქ მცხეთის პირდაპირი წესით არჩეული მერი გახდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი ავთანდილ ნემსიწვერიძე.

კანონმდებლობის თანახმად, მერი უფლებამოსილებაში შევიდა, 2014 წლის 2 აგვისტოდან. მერს ყავს პირველი მოადგილე, ხოლო მერიის სტრუქტურა მოიცავს 10 სამსახურს.

ქ. მცხეთა და მისი შემოგარენი - საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. საქართველოს ტერიტორიაზე ჩვ. წ. აღრიცხვამდე I ათასწლეულში ჩამოყალიბდა ორი სამეფო: იბერიის (ქართლის) - აღმოსავლეთში და კოლხეთის - დასავლეთ საქართველოში. სწორედ იბერიის სამეფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა მცხეთა 800-ზე მეტი წლის განმავლობაში. იგი ქრისტიანობამდეც და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგაც იყო და არის ქვეყნის სულიერი ცენტრი. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მცხეთა და მისი შემოგარენი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით და არქეოლოგიური მასალებით. ამ ტერიტორიაზე 200-ზე მეტი კულტურული ძეგლია. აქ აღმოჩენილია სამაროვნები და ნამოსახლარები ადრეული ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, ადრეული ხანის სხვადასხვა თავდაცვითი და საქალაქო ნაგებობა: სასახლის, აბანოებისა და სხვა ნანგრევები (არმაზი, ბაგინეთი, ძალისი და სხვა).

ძვ წ. აღრიცხვის III საუკუნის დასაწყისიდან მცხეთა ახლად წარმოქმნილი ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკური ცენტრია; ამას ხელი შეუწყო მისმა ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. აქ გადიოდა საერთაშორისო სავაჭრო გზები - "აბრეშუმის გზა", "ცხვრის გზა" და სხვა, რომლებიც მდინარეების - არაგვისა და მტკვრის გაყოლებით მიემართებოდნენ. მცხეთა, კონკრეტულად - სვეტიცხოველი, ქრისტიანული სამყაროსათვის წმინდა ადგილია, ვინაიდან მატიანეს ცნობით, აქ ქრისტეს კვართის ადგილსამყოფელია.

IV საუკუნის დასაწყისში კაბადოკიიდან მოსულმა მისიონერმა ნინომ მცხეთაში იქადაგა ქრისტიანობა. 337 წელს მეფე მირიან III-მ და მისმა ოჯახმა ქრისტიანობა მიიღო და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. წმ. ნინოს მოღვაწეობასთან დაკავშირებული ადგილებია: სამთავრო, სვეტიცხოველი, წმ. ნინოს ეკლესია და სხვა.

ადრეულ ფეოდალურ ხანაში მცხეთაში მიმდინარეობდა საკულტო ნაგებობების ინტენსიური მშენებლობა - სვეტიცხოველი (IV საუკუნის ხის ეკლესია, V საუკუნის ქვის ბაზილიკა), სამთავროს წმ. ნინოს ეკლესია (IV ს, რესტავრირებულია XIX ს-ში), ჯვრის მცირე ეკლესია (VI ს-ის II ნახევარი) და დიდი ტაძარი ( 585/586 – 604 წწ.), ანტიოქია (VII-VIII სს.) და სხვა. განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში შენდება დიდი ტაძრები - სვეტიცხოველი ( 1010-1029 წწ.), სამთავრო (XI ს-ის 30-იანი წლები), ბარბარეთი (X-XI სს.), ღვთისმშობლის ეკლესია (XI-XII სს.), კალოუბნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (XII ს.) და სხვა.

მცხეთის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო. 1930-იანი წლებიდან სამთავროს ველი გამოცხადდა არქეოლოგიურ და არქიტექტურულ ნაკრძალად. 1940-იანი წლებიდან - არმაზის მიდამოები, 1957 წელს კი - ძველი მცხეთის ტერიტორია მდ. მტკვარსა და მდ. არაგვს შუა, ბებრისციხემდე. 1966 წლიდან მცხეთის ტერიტორია მთლიანად, ხოლო 1968 წლიდან კი მცხეთა ქალაქ-მუზეუმად ცხადდება.

1994 წელს ქ. მცხეთა და სვეტიცხოველი UNESKO-ს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.




წმინდა სამოსელი და მცხეთა - მეორე იერუსალიმი

საქართველოსთვის ქრისტეს პერანგი ანუ კვართი უფლისა მხოლოდ სიწმინდე კი არ არის, არამედ - რწმენის შენახვის იდეაა.

იქნებ, ამ იდეის გამოც, მიწაში დაფლული ქრისტეს კვართივით, მუდმივადაა დამარხული ამ ქვეყანაში ღვთისადმი სასოება.

უკერველი, ხელთუქმნელი და, რა თქმა უნდა, სასწაულმოქმედი კვართი უფლისა მრავალმხრივი ინტელექტუალურ-მხატვრული ფენომენიცაა, ღრმა ეთნოფსიქოლოგიური შრე ქართული კულტურისა. ეს ის კვართია, რომელიც განკაცებულ მაცხოვარს ჯვარცმისას ემოსა... ხოლო შემდეგ „განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“ (ფსალ. 21, 18).

ისევე, როგორც ყოველ ქრისტიან ერს, ქართველებსაც (არც სხვებზე მეტად და არც ნაკლებად) გააჩნიათ ასწლეულების მანძილზე ნაშენები და განმტკიცებული მესიანურ-მისიონერული საზრისი, საკუთარი ღვთივრჩეულობის განცდა თუ შეგნება. იგი რამდენიმე მნიშვნელოვან, რელიგიურ და ისტორიულ არგუმენტზეა დაფუძნებული. ყოველი მათგანი ყურადსაღები და მრავალმხრივ საინტერესოა, განსაკუთრებით, აღმოსავლური ქრისტიანული კულტურის თავისებურებათა შესწავლის თვალსაზრისით. ქართული მესიანური იდეის ერთ-ერთი მძლავრი საფუძველი გახლავთ ღვთისმშობლის წილხვდომილობა და სულიწმინდის გადმოსვლისას მისი ქართულ ენაზე ამეტყველება. ამიტომ, ერისათვის მისიონერული ფუნქცია მისი სასიცოცხლო და საბრძოლო, ზოგჯერ თავგანწირული სულისკვეთების წყაროდ იქცა. ალბათ, ფუნქციად ქცეული ამ იდეის ერთ-ერთ პირველმიზეზს სწორედ გამორჩეული სიწმინდის, უფლის კვართის მცხეთაში დაფვლაც წარმოადგენდა, რადგან წინასწარმეტყველების თანახმად, მეორედ მოსვლის ჟამს ქრისტე ხელთუქმნელი კვართით შეიმოსება...

საქართველოში ბავშვებს ქრისტიანობის შესახებ საუბრის დაწყებისას აუცილებლად უამბობენ ცხოველმყოფელი სვეტისა და მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს შესახებ, რომელმაც IV საუკუნეში ქართლში კერპები დაამსხვრია და სასწაულები მოახდინა. ამას მოჰყვება თხრობა საქართველოს უმთავრესი ტაძრის - სვეტიცხოვლის თაობაზე, რომელიც ქრისტეს კვართის დაფვლის ადგილსა და ცხოველ ანუ უფლისგან გაცოცხლებულ, სასწაულმოქმედ სვეტზეა დაფუძნებული...

* * *

I საუკუნეში ქართლის ძველ დედაქალაქ მცხეთაში ისრაელის მიწიდან ”ოტებულ ჰურიათა” ანუ დევნილ ებრაელთა ძლიერი და მრავალრიცხოვანი თემი სახლობდა. ის ერთ-ერთი იყო ძველ საქართველოში მცხოვრებ - მეცნიერთა ვარაუდით - ოთხ ძირითად თემს შორის. ებრაელები ქართლში რამდენიმე წყებად მოსულან. ამას ოდინდელი სამარხები და არქეოლოგიური მასალა ადასტურებს. პირველად ეს მომხდარა ძველი წელთაღრიცხვის 580-იან წლებში. მაშინ, როცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა მათი სამშობლო იავარყო და დაიპყრო. შემდგომაც, ისინი სულ გაურბოდნენ მტერს და წმინდა მიწიდან შორს სახლდებოდნენ, თუმცა სამშობლოსთან კავშირს არ წყვეტდნენ. ასევე გულმოდგინედ ინახავდენენ რჯულს; წარმართთა ხელისა და თვალისაგან სამაგალითოდ მალავდნენ სამშობლოდან წამოღებულ სიწმინდეებს. ”მოქცევა ქართლისა” გვიამბობს, თუ როგორ გაამხილა IV საუკუნეში ქართველმა ებრაელმა ქალმა სიდონიამ ასწლეულების მანძილზე ურიათა თემის მიერ შენახული საიდუმლოება იმის შესახებ, რომ წმინდა ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი მცხეთაში იყო დამარხული. წმინდა ელიას ცადამაღლებისას მიწაზე დავარდნილი მისი მოსასხამი, ძველი აღთქმის მიხედვით, ელისე წინასწარმეტყველს ერგო. პროფ. ელდარ ბუბულაშვილი, რომელმაც საგანგებოდ შეისწავლა სვეტიცხოვლის სიწმინდეები, მიუთითებს, რომ ”ელიას ხალენის მცხეთაში მოხვედრის ისტორიის შესახებ ქართულ წერილობით ძეგლებში ცნობები არ მოიპოვება”. თუმცა, არსებობს წყაროთა მწირი ცნობები და, უფრო კი, ქართული ზეპირი საეკლესიო გადმოცემები, რომელთა მიხედვით, იგი მცხეთაში ინახებოდა... ასევე მის მახლობლად, ”მოქცევაÁ ქართლისაÁს” მოწმობით, დაფლეს I საუკუნეში ქრისტეს პერანგიც.

უფლის კვართის საქართველოში შემობრძანების მისტიკური ამბავი მრავალი ქართული და არაქართული საისტორიო ცნობითაა დადასტურებული...

ამ ამბის მთავარი გმირები სწორედ მცხეთელი ებრაელები არიან, რომლებიც, როგორც ჩანს, ხშირად მოგზაურობდნენ საუკუნეების წინათ დატოვებულ ისტორიულ სამშობლოში. წარმოვიდგინოთ ღირსეული მოქალაქეები, თვით ქართლის სამეფო კარზეც დაფასებული და პატივცემული უცხო რჯულის ადამიანები, რომლებიც ქართლში ქრისტიანული რწმენის პირველ მატარებლებად და გამავრცელებლებად იქცნენ. მრავალი უცხოელი თუ ქართველი მეცნიერის აზრით, მცხეთა ერთ-ერთი პირველი ქალაქთაგანი იყო, სადაც ახალ რელიგიას თავიდანვე გულმხურვალე მორწმუნენი გამოუჩნდნენ ჯვარცმიდან უახლოეს ხანებში - მაცხოვრის კვართის შემობრძანებისა და დაფვლის შემდეგ. ეს მოხდა მაშინ, როცა განკაცებული ღვთის სიტყვა სახარების სახით ჯერ კიდევ არ არსებობდა. ებრაელებმა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება იცნეს, წარმართი ქართველების ნაწილი კი წმინდა გულით შეეთვისა კაცთა ცოდვებისათვის ჯვარცმული უცნობი ღმერთის იდეას. მრავალი წყაროს დამოწმების საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილი დაასკვნის: ”ცხადია, რომ ქრისტიანობა საქართველოში ადრითგანვე უნდა გავრცელებულიყო, გაცილებით იმაზე ადრე, ვიდრე იგი IV საუკუნის პირველ ნახევარში სახელმწიფო სარწმუნოებად იქნებოდა ცნობილი”. ამას ადასტურებს ბევრი საისტორიო თხზულება, მათ შორის, იოანე საბანისძის ”აბო თბილელის წამება”, პეტრე ქართველის ასურული ცხოვრების ტექსტი, სომეხი არაქელ დავრიჟეცი, რომაელი ისტორიკოსი რუფინუსი და ა. შ.

თუმცა, კვლავ დავუბრუნდეთ ქართლის დედაქალაქში მცხოვრებ ღვთივრჩეულ ებრაელებს და ჯვრცმას შესწრებული ერთ-ერთი მცხეთელი ”ჰურიის” წინასწარმჭვრეტ დედას...

I საუკუნეში, მეფე ჰეროდეს მოწოდების თანახმად, მთელ მსოფლიოში გაბნეულ ებრაელთა მრავალი წარმომადგენელი იერუსალიმში გაემგზავრა, რათა ენახათ ”ცრუ წინასწარმეტყველი”, რომელიც საკუთარ თავს სამყაროს მხსნელსა და ღმერთის ძეს უწოდებდა. მანამდე ქართველ ებრაელებს უკვე სმენოდათ, რომ გამოჩნდა კაცი, რომელიც მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემელმა მონათლა და ამ დროს სასწაულებიც მოხდა: მდინარეები აღმა წავიდნენ, ზღვის მიმოქცევა შეწყდა, ამოძრავდნენ მთები და სხვა. სასწაულმოქმედს შემაშფოთებლად ბევრი მიმდევარი გამოსჩენია. ჰეროდეს სურდა, ეს კაცი არა მხოლოდ იუდეის მცხოვრებთ შეეჩვენებინათ, არამედ ისრაელის სხვა ტომთა შთამომავლებსაც. ამ მოწოდების გამო სხვა ქვეყნებს შეფარებული ებრაელები იერუსალიმს გაემგზავრნენ. ”შატბერდის კრებულის” მიხედვით, იუდეისაკენ მიმავალ გზას ქართველი ებრაელებიც დაადგნენ და ისინი მაცხოვრის ჯვარცმასაც დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ეს ორი პირი შემდგომში ქართული საისტორიო მწერლობის, ჰაგიოგრაფულ ნაწარმოებთა თუ ფრესკული მხატვრობის პერსონაჟებად იქცა. მათი გამოსახულებები სვეტიცხოვლის მოხატულობის ერთ-ერთ სიუჟეტშიცაა წარმოდგენილი.

ელიოზ მცხეთელი ელიას ტომის შთამომავალი, ღვთის მოშიში და გამორჩეული ადამიანი ყოფილა. მისმა მოხუცმა დედამ ელიოზის გამგზავრებამდე უკვე იცოდა, რომ ახდა ბიბლიური წინასწარმეტყველება და ღმერთი განკაცდა... იგი იერუსალიმში მიმავალ შვილს შეევედრა, რომ ელიოზს არამც და არამც არ ჩაედინა მომაკვდინებელი დანაშაული და იესო ქრისტეს ჯვარცმაში არ გარეულიყო, რადგან ის იყო მხსნელი სოფლისა, ძე ღვთისა. როგორც საისტორიო წყაროები იმეორებს, ელიოზს მართლაც არ მიუღია უშუალო მონაწილეობა მაცხოვრის ჯვარცმაში. შატბერდის კრებულის მიხედვით, ელიოზ მცხეთელსა და ლონგინოზ კარსნელს კიდევ ორი ადამიანი ახლდა - მისაელი და თალენავი. ქართლიდან წარგზავნილი ებრაელები იმ მოვლენის პასიურ დამკვირვებლებად გვევლინებიან, რომელმაც სამყარო შეცვალა...

შემდეგ კი, დგება დავით წინასწარმეტყველის სიტყვების გაცხადების ჟამი: ”კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“.

ამ წილისყრაში, უფლის ჯვარცმაში მონაწილე მეომრებთან ერთად ელიოზ მცხეთელიც გაერია. ხელთუქმნელი და სასწაულმოქმედი კვართიც სწორედ მისი საკუთრება გახდა.

ქართველი ებრაელები თავიანთ მეორე სამშობლოსაკენ გამოემართნენ და მსოფლიო ქრისტიანთათვის ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდე მცხეთას მოაბრძანეს.

ამ დროს ელიოზის წინასწარმჭვრეტი მოხუცი დედა კი უკვე გარდაცვლილი იყო. მას შინ მართლმორწმუნე და - სიდონია ელოდებოდა. ელიოზ მცხეთელმა დას უფლის შესამოსელი გადასცა. ქალმა კვართი გულზე მიიხუტა, ემთხვია და ცრემლით დაალტო. სიდონიამ უმალვე სული განუტევა. ქალს ისეთი ძალით ეპყრა ხელთ უფლის კვართი, რომ მისი გამორთმევა ვერავინ შეძლო. ხელთუქმნელ კვართს თვით მეფეც (ქართლის ცხოვრების ცნობით, ადერკი, იგივე მიჰრდატი) მოუხიბლავს, მაგრამ სასწაულებრივად ჩაბღუჯული სამოსი ვერარა ძალამ განაცალკევა ებრაელი ქალის ხელთაგან. ამიტომ სიდონია ძმამ უფლის კვართთან ერთად მიაბარა მიწას. საფლავზე კი განსაცვიფრებელი სიმძლავრისა და სილამაზის მქონე ხე ამოვიდა. ქართლის ცხოვრება მას ლიბანის ნაძვს უწოდებს. ეს მშვენიერი ხე უიშვიათეს კეთილსურნელებას აფრქვევდა.

იქ, სადაც ოდესღაც ებრაელთა სასაფლაო იყო, სამი საუკუნის შემდეგ უკვე სამეფო ბაღი (”სამოთხე”) და სასახლე მდებარეობდა. სწორედ ეს ადგილი ამოირჩია ეკლესიის ასაშენებლად ქართლის პირველმა ქრისტიანმა მეფემ მირიანმა. მანამდე ამ ხესთან ხშირად მოდიოდა ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო, რომელმაც იცოდა, რომ უფლის სამოსელი „არს მახლობლად ნაძვსა მას ლიბანით მოდებულისა“. შემდგომში იგი ”ასწავებდა ხუროებს”, როცა ისინი კვართის დაფვლის ადგილზე ამოსული საოცარი ხისაგან ამ ქვეყნის პირველ ქრისტიანულ ტაძარს აშენებდნენ... მშენებლობისას ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი გაცოცხლდა, ანუ ზეცით მოვლენილი სასწაულებრივი ძალა შეიძინა. მას ცხოველმყოფელობის გამო სვეტი-ცხოველი უწოდეს (სასწაულმოქმედ სვეტს გვიანდელ შუასაუკუნეებამდე მაკურნებელი ძალა ჰქონდა და მირონი სდიოდა, ვიდრე შაჰ-თამაზმა გაუგონარი დაუნდობლობით არ წაბილწა სიწმინდე, ეკლესიის შენობა კი საქონლის სადგომად აქცია).

ქრისტეს კვართის დაფვლის ადგილას აგებული ქართველთა უმთავრესი ტაძარი სვეტიცხოველი მაცხოვრის საფლავზე აღმართული ეკლესიის სიმბოლოდ იქცა, ხოლო ქართლის დედაქალაქი მცხეთა - მეორე იერუსალიმად (ამ აზრის დასასაბუთებლად კორნელი კეკელიძე ადგილობრივ ტოპონიმიკას იშველიებს. ქალაქში დღესაცაა ადგილები, რომელთაც ეწოდება ბეთლემი, გეთსამანია, სიონი და ა. შ.). კვართი უფლისა განიფინა ზოგადქართულ ქრისტიანულ ხელოვნებაში - ჰაგიოგრაფიასა და ლიტურგიკაში, საისტორიო მწერლობაში, ჰერალდიკაში, ხატწერასა და კედლის მხატვრობაში...

უფლის კვართი იქცა ერთ-ერთ სარწმუნოებრივ საზრისად, რომლის გავლენით ქართული ქრისტიანობა თვითმყოფადი მისიის მქონე ფენომენად ჩამოყალიბდა აღმოსავლეთის ქრისტიანულ კულტურებს შორის.