მცხეთაში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, დიმიტრი ზურაბიშვილთან ერთად, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები და ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან დაჯილდოვდა 37 მედალოსანი მოსწავლე, ხოლო 5 პედაგოგს, მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადაეცა.
ღონისძიების ფარგლებში, სასაჩუქრე პაკეტები აგრეთვე გადაეცა სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულ მცხეთის N1 საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდს, რომელიც მიმდინარე წელს, საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის, ბრაზილიაში გაემგზავრება.
ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობდნენ ა(ა)იპ მცხეთის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ანსამბლები, რომლებმაც მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
დაჯილდოების ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ფარნაოზ იორდანიშვილი და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პრიფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე ესწრებოდნენ.