მცხეთის მუნიციპალიტეტში ხუთმა ახალმა და სრულად განახლებულმა საბავშვო ბაღმა აღსაზრდელები უკვე მიიღო.
დასრულებულ პროექტებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, მცხეთა-მთიანეთის დელეგატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გოგი აბუაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ელოშვილთან ერთად და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.
სახელმწიფოს დაფინანსებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მცხეთის N3, სოფელ ძეგვისა და სოფელ საგურამოს საბავშვო ბაღებს, ხოლო სოფლებში - ჩარდახსა და პატარა ქანდაში - ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღები აშენდა.
სოფლებში - ჩარდახსა და პატარა ქანდაში აშენებული ახალი ბაღები 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობები მოიცავს სასწავლო, საძინებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს, სამზარეულოს, შიდა და გარე სათამაშო ზონებს, სპორტულ მოედანსა და რეკრეაციულ სივრცეს. პროექტები სრულად შეესაბამება თანამედროვე უსაფრთხოების და ინკლუზიური განათლების სტანდარტებს. პატარა ქანდის ბაღის მშენებლობა - 1.2 მილიონი ლარით დაფინანსდა, ხოლო ჩარდახის - 1.3 მილიონი ლარით.
სოფელ საგურამოს 125 ბავშვზე გათვლილი ბაღი სრულად განახლდა. 3.2 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი მოიცავდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას - უსაფრთხოების, გათბობის, ელექტროობისა და საკანალიზაციო სისტემების განახლებას, ასევე საგანმანათლებლო, დასასვენებელი და სათამაშო სივრცეების მოწყობას.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა მცხეთის N3 ბაგა-ბაღსა და სოფელ ძეგვის საბავშვო ბაღს. თითოეული ბაღი 150 აღსაზრდელზეა გათვლილი. ორივე დაწესებულებაში სრულად განახლდა სასწავლო და სათამაშო გარემო, სამზარეულო, სპორტული მოედნები და ინფრასტრუქტურული სისტემები. მცხეთის N3 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია 3.3 მილიონი ლარით დაფინანსდა, ხოლო ძეგვის ბაღის - 4 მილიონი ლარით.
ახალი და განახლებული საბავშვო ბაღები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის და სრულად უზრუნველყოფს ბავშვების უსაფრთხო, თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.