მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გიორგი მძევაშვილის, ხელმძღვანელობით სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ჭიჭინაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სოციალური და ფინანსური დახმარების გაუმჯობესების მიზნით, 2026 წლის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაში შესულ ცვლილებზე ისაუბრა.
ცვლილებების თანახმად, მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას ერთჯერადი ფინანსური დახმარება, ნაცვლად 300 ლარისა, განისაზღვრა 500 ლარით.
პროგრამის მიხედვით, მესამე და მომდევნო შვილის (ტყუპების) შეძენის შემთხვევაში გაიცემოდა 1000 ლარი. ცვლილების მიხედვით, ამიერიდან აღნიშნული თანხა გაიცემა პირველივე შვილად ტყუპების შეძენის შემთხვევაში.
ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის დახმარება, 2500 ლარის ნაცვლად, გაიცემა 5000 ლარამდე, ხოლო სრული განადგურებისა და მძიმე ზიანის შემთხვევაში გასაცემი თანხა 7500 ლარის ნაცვლად განისაზღვრა15 000 ლარამდე.
ასევე გაიზარდა შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული) დაავადებული პირების საკურორტო დახმარება. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ასაკი, 18 წლის ნაცვლად, განისაზღვრა 21 წლის ასაკით და თანხა 1000 ლარიდან 1500 ლარამდე განისაზღვრა.
სხდომის ფარგლებში კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს მოსახლეობისთვის საჭირო სოციალური და ფინანსური დახმარების საკითხები და შემოსული განცხადებები.
სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისის სხდომას მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გიორგი კვახაძე, მოადგილე - გიორგი ჯიქია და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
პროგრამის მოქმედების სფეროსა და მისი მოსარგებლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://mtskheta.gov.ge/public/img/1772711524.pdf