UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების - ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლები საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - მცხეთის ისტორიული ძეგლების მონიტორინგის მიზნით ეწვივნენ.
მისიის წევრები ძეგლების კონსერვაციის საერთო მდგომარეობას, მცხეთაში მოქმედი ქალაქთმშენებლობის განსაკუთრებული რეჟიმის, მორატორიუმის, ეფექტიანობისა და სივრცითი განვითარების საკითხებს შეაფასებენ.
ვიზიტის ფარგლებში, დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ეგიდით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მცხეთასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის, ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საკითხები განიხილეს. შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.
მისიის შემადგენლობაში არიან: ICOMOS-ის ექსპერტი ალკივიადის პრეპისი, ICCROM-ის ექსპერტი სტეფან ბალიჩი და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების პროგრამის სპეციალისტი ირენა კაკე.