მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მცხეთაში უფასო სკრინინგ-აქცია გაიმართა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მოსახლეობას ჩაუტარდა: ძუძუს კიბოს სკრინინგი (40-70 წლამდე ქალბატონებისთვის), სკრინინგი B და C ჰეპატიტებზე, აივ ინფექცია/შიდსზე ტესტირება, არტერიული წნევის მონიტორინგი.
გამოკვლევები ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით განახორციელეს.
სკრინინგ-აქციის მიმდინარეობას გაეცნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი მძევაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, რეგიონული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი კუკულაძე და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და დაავადებათა პრევენციისთვის მსგავსი აქციები მომავალშიც პერიოდულად გაიმართება.