მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გოგი აბუაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, თეიმურაზ ბექაურთან და მერის მოადგილეებთან - გიორგი მძევაშვილთან და გოგა თალაშვილთან ერთად, საგურამოს ბავშვთა სახლს ეწვია, ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა და ბენეფიციარებს ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრები გადასცა.
ასევე, თარიღთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლები მცხეთის ცენტრალურ სკვერში საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
,,მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. ისეთი ლამაზები და კარგები ხართ, რომ ჩვენც გვაბედნიერებთ. გილოცავთ, ბავშვებო, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ბედნიერ ბავშვობასა და მშვიდობიან სამყაროს გისურვებთ,”- განაცხადა გოგი აბუაშვილმა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მცხეთის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული მუნიციპალიტეტში 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. სხვადასხვა თემატური აქტივობა მცხეთაში, მუხრანში, ნატახტარში, ქსანსა და საგურამოში გაიმართება.