მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, თეიმურაზ ბექაურთან და მერის მოადგილეებთან - გიორგი მძევაშვილთან და გოგა თალაშვილთან ერთად, ა(ა)იპ „უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლის“ სპორტსმენებს, ბათუმში საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამგზავრების წინ, სპორტული ფორმები გადასცა და წარმატებები უსურვა.
უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლის აღსაზრდელები ჭიდაობის ხუთ სახეობაში იასპარეზებენ: ძიუდოში, თავისუფალ, ქართულ, ბერძნულ-რომაულ, ქვიშისა და ქართულ ჭიდაობაში.
2-6 ივნისს ბათუმში დაგეგმილ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან სპორტსმენები 12 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალში 14-დან 17 წლამდე დაახლოებით 1200 პირი მიიღებს მონაწილეობას.
ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები სპორტის ცალკეულ სახეობებში, მთავარი პრიზი კი გადაეცემა რეგიონს, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ქულათა ჯამური მაჩვენებლით.