მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გოგი აბუაშვილი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, თეიმურაზ ბექაური მცხეთის პირველ საჯარო სკოლაში გახსნილ ქართული კულტურისა და ხელოვნების სკოლა „ახალ თაობას” ესტუმრნენ და წამოწყებული ნაყოფიერი საქმიანობისთვის პედაგოგები საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს მოსწავლეთა მიერ შექმნილი მრავალფეროვანი ნამუშევრები, გაეცნენ სასწავლო პროცესს და პედაგოგებთან ერთად განიხილეს სამომავლო გეგმები.
მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს სკოლის გახსნისათვის და სკოლაში არსებული შემოქმედებითი გარემოსთვის.
ღონისძიებას, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ფარნაოზ იორდანიშვილი, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
სკოლა „ახალი თაობა“ დეკანოზ გიორგი აბუაშვილის ინიციატივითა და პირველი საჯარო სკოლის დირექტორ, მირანდუხტ ფოფხაძის მხარდაჭერით გაიხსნა. სკოლაში 120 მოსწავლე ეუფლება ხელოვნებისა და ქართული კულტურის ეროვნულ მემკვიდრეობას.
უფასო სასწავლო პროცესის ფარგლებში, მოზარდებისათვის ფუნქციონირებს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების - თიხაზე ძერწვის, კერამიკის, სალამურსა და ფანდურზე დაკვრის, გალობის, ქართული სიმღერის, ხატვისა და ხატწერის, ხეზე კვეთის, ქსოვის, ქარგვისა და თექის გაკვეთილები.
ქართული კულტურისა და ხელოვნების სკოლა მიმდინარე წლის აპრილიდან ფუნქციონირებს და ხელს უწყობს უძველესი ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას.