ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, მუხრანის ამბულატორიულ ცენტრში მოსახლეობისთვის სამედიცინო სკრინინგი გაიმართა.
სკრინინგის ფარგლებში ასამდე მოქალაქემ მიიღო ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია, ასევე ჩატარდა საჭირო სამედიცინო კვლევები.
მედიკოსების განმარტებით, მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დაავადებების ადრეულ გამოვლენას, დროულ დიაგნოსტიკასა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - თეიმურაზ ბექაური, გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მერის მოადგილე გიორგი მძევაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო ჰოლდინგის“ დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი ჯაკო უგრეხელიძე, სოფლის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი პავლე კაპანაძე, ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო ჰოლდინგისა“ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
პროექტს ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო ჰოლდინგი“ თბილისის „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“ ერთად ახორციელებს.
პროექტის მიზანია პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, ქრონიკული დაავადებების პრევენცია, მათი ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.