მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, მცხეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განიხილეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, შემდგომი ეტაპები და დაგეგმილი ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალაქ მცხეთაში ურბანული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
პროექტი მოიცავს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე შესაბამის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მცხეთის ისტორიული და კულტურული გარემოს შენარჩუნება და განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცხეთის ისტორიული იერსახისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, არქეოლოგიური მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ურბანული გარემოს გაუმჯობესებას.
პროექტი ასევე ითვალისწინებს არქიტექტურული, კონსტრუქციული, ლანდშაფტური და ურბანული ინფრასტრუქტურის პროექტირების, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს, საფეხმავლო და საავტომობილო გზების, საინჟინრო კომუნიკაციების, გარე განათების, წყალმომარაგების, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციას.
ტერიტორიების კეთილმოწყობის ფარგლებში მოეწყობა სატრანსპორტო და საფეხმავლო კავშირები, პარკინგი, გამწვანება, მცირე არქიტექტურული ფორმები და გარე განათება.
ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდი მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, მრავალფუნქციური პარკის მოწყობასა და თეატრონის რეაბილიტაციაზე მუშაობს. მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე დაგეგმილია ახალი სარეკრეაციო სივრცის შექმნა, რომელიც მოიცავს საბავშვო, სპორტულ, დასასვენებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო ზონებს, საფეხმავლო და ველობილიკებს, გამწვანებულ მარშრუტებსა და შესაბამის ინფრასტრუქტურას.
სამუშაოები მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით დადგენილი სპეციალური რეგულაციების, საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ხორციელდება.