მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, გივი გიუტაშვილმა DRAGON BOAT-ის ევროპის ღია თასის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
საერთაშორისო ტურნირში მცხეთის სახელით მოასპარეზე გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს მიღწეული შედეგი მიულოცეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს. ასევე, აღნიშნეს, რომ საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა ქალაქ მცხეთის სპორტული პოტენციალისა და შესაძლებლობების კიდევ ერთი დასტურია.
საერთაშორისო ტურნირში, რომელიც მცხეთის ნიჩბოსნობის ბაზაზე სპორტის სამინისტროს, საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ევროპის Dragonboat-ის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, 8 ქვეყნის 18 კლუბი და 220 სპორტსმენი მონაწილეობდა.
საზეიმო დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მცხეთის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „როკვამ“ და ბენდმა The light room.
ტურნირს ასევე ესწრებოდნენ და დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.