
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გივი გიუტაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ელოშვილთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.“დღევანდელი დღე თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებით მძიმე და ემოციურია. 33 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ის ტრაგიკული მოვლენები და ჩვენი გმირების თავგანწირვა საქართველოს უახლეს ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შესწირეს. მათი ხსოვნა ჩვენთვის მარადიულია და ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს გადავცეთ მათი გმირობის ისტორია,” - განაცხადა გივი გიუტაშვილმა.ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლებში - მუხრანში, ძალისში, ციხისძირში, ბიწმენდსა და წეროვნის დევნილთა დასახლებაში, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი ასევე მიაგეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ ბუჯიაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა პირებმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხეთის მერის წარმომადგენლებმა და საკრებულოს დეპუტატებმა.