მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი გიუტაშვილი საქართველოს ნაკრებისა და მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემიის წარმომადგენლებს მინგეჩაურის საერთაშორისო რეგატაზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
მცხეთელმა სპორტსმენებმა - გიორგი კაპანაძემ - 1X, 1500 მეტრ დისტანციაზე, ხოლო ნიკოლოზ წიკლაურმა K2, 200 მეტრ დისტანციაზე პირველი ადგილი მოიპოვეს, ასევე K1, 500 მეტრ დისტანციაზე გაიმარჯვა საბა ჭეიშვილმა.
გივი გიუტაშვილმა სპორტსმენებს სამომავლოდ წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების გამარჯვება ქალაქ მცხეთისთვის განსაკუთრებით საამაყოა.
“მინდა, დიდი სიამაყით მივულოცო ჩვენს მცხეთელ სპორტსმენებს - გიორგი კაპანაძესა და ნიკოლოზ წიკლაურს მინგეჩაურის საერთაშორისო რეგატაზე მოპოვებული გამარჯვება. განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ჩვენი ქალაქის ახალგაზრდები საქართველოს სახელით საერთაშორისო შეჯიბრზე წარმატებით ასპარეზობენ. ვულოცავ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს, მშობლებსა და მცხეთის აკადემიის მთელ გუნდს ამ მნიშვნელოვან მიღწევას”, - განაცხადა გივი გიუტაშვილმა.
საქართველოს ნაკრებისა და მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემიის წარმომადგენლებმა მინგეჩაურის საერთაშორისო რეგატაზე, ჯამში, 3 პირველი და 1 მესამე ადგილი მოიპოვეს.