მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გივი გიუტაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან, ზვიად გაბისონიასთან, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ზაუტაშვილთან და მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ფარნაოზ იორდანიშვილთან ერთად, ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
გივი გიუტაშვილმა პედაგოგებს განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.
„მასწავლებლის პროფესია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და თავდადებას მოითხოვს. ღვაწლმოსილი პედაგოგების მრავალწლიანი საქმიანობის დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა თითოეულ პედაგოგს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის მომავალი თაობის განათლებაში შეაქვთ. გილოცავთ ამ დამსახურებულ ჯილდოსა და აღიარებას,” - განაცხადა გივი გიუტაშვილმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას ემსახურება.