მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი გიუტაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მხარის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 306-ე წლისთავთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამართულ პანაშვიდს დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეფე ერეკლე II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ღვაწლის შესახებ ისაუბრეს.
როგორც გივი გიუტაშვილმა აღნიშნა, მეფე ერეკლე II-მ მთელი სიცოცხლე საკუთარი ხალხისა და სამშობლოს ერთგულებას მიუძღვნა.
"მეფე ერეკლე II-მ უმძიმეს ეპოქაში ქვეყანა არა მარტო ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა, შეუნარჩუნა სარწმუნოებაც. სვეტიცხოველში დაკრძალული მეფე მცხეთელებისთვის არა მხოლოდ ისტორიული წარსულის, არამედ ჩვენი ქალაქის კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის ნაწილია.
მისი სახელი სამშობლოს სიყვარულთან და ქვეყნის ერთიანობასთან არის დაკავშირებული.
გვინდა, პატივი მივაგოთ უდიდესი მეფის ხსოვნას და მისი ისტორიული მემკვიდრეობა მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ.“- განაცხადა გივი გიუტაშვილმა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მეფე ერეკლე II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი არქიმანდრიტმა ილია კავსაძემ გადაიხადა.
მეფე ერეკლე II-ის ხსოვნას პატივი ასევე მიაგეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა - სოზარ სუბარმა, გურამ მაჭარაშვილმა, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.