მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


„მცხეთობა-სვეტიცხოვლობა”

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, „მცხეთობა-სვეტიცხოვლობის” დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა.

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული აქტივობები გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებას ქალაქ მცხეთაში წელს პირველად უმასპინძლა ანტიოქიის ქუჩამ, სადაც მოწყობილი იყო სანახაობითი ატრაქციები, საგამოფენო, ისტორიული, სადეგუსტაციო, ეთნოგრაფიულ-თემატური, არქეოლოგიური, საბავშვო-გასართობი სივრცეები და ფოტოზონები. ჩატარდა მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და ხალხური ანსამბლების კონცერტი, ასევე მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენები, შემეცნებით-საგანმანათლებლო და ქართულ წეს-ჩვეულებათა იმიტირებული აქტივობები, ინტელექტუალური თამაშები და სახალხო შეჯიბრებები. 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დღესაწაული მიულოცეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გივი გიუტაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზაუტაშვილმა. 

პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის  მცხეთის 2026 წლის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს, ტარიელ ხარხელაურს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ღვაწლმოსილ მწვრთნელს, ნიკოლოზ გირდას, მცხეთის ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, ლალი რევიას, მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ღვაწლმოსილ თანამშრომელს, გოზალა ჩოლოევს, მეან-გინეკოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, დავით გაგუას და არქიმანდრიტს, ილია ნასიძეს.

ღონისძიება დასრულდა გალაკონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის ბიგ-ბენდი, ჯგუფი ,,რეგიონი’’, სტატუს ბენდი და დიჯეი არკანი. 

„მცხეთობა-სვეტიცხოვლობის“ აღსანიშნავ ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღესასწაულზე ასევე იმყოფებოდნენ მცხეთასთან დამეგობრებული ქალაქების ხელმძღვანელი პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები გერმანიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ლიეტუვიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან და ლატვიიდან.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018