მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი გიუტაშვილმა, ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, სოფელ ქსოვრისში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ქსოვრისში სოფლის ცენტრისა და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია. პროექტის ფარგლებში მოასფალტდა
სოფლის მთლიანი ცენტრი, მოეწყო ბორდიურები და მონოლითური რკინის სარტყელი. ასევე, დაიხაზა საპარკინგე ადგილები და სოფლის ცენტრში ტროტუარებზე დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე გზის ერთ მონაკვეთზე განსახორციელებელია ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები.
ასევე, მინდიაშვილის ქუჩაზე დაიგო ბეტონის გზა და გაკეთდა სანიაღვრე არხები მიერთებებით. ამჟამად ქუჩის ნაწილზე ბეტონის გზის მოსაწყობად მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
პროექტს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "გრანდ როუდ გრუპი” მიმდინარე წლის ბოლომდე განახორციელებს. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 575 000 ლარია.
ქსოვრისში ასევე დაიწყო ახალი მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები, რისთვისაც მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 264 000 ლარზე მეტი.
პროექტის ფარგლებში გაკეთდება თანამედროვე სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი, სადაც დამონტაჟდება საკალათბურთო და საფეხბურთო ფარები, მოეწყობა ყველა სხვა საჭირო ინვენტარი.