მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოგა თალაშვილი და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ხუნდაძე ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189-ე წლის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში შეკრებილმა პოეტებმა, მწერლებმა და ლიტერატურის კრიტიკოსებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს. ასევე გაიმართა პრემია „საგურამოსა“ და ილიას მედლის გადაცემის ცერემონია.
მიმდინარე წელს პრემია მიენიჭათ:
პოეზიაში - ბაღათერ არაბულსა და ელგუჯა მარღიას;
პროზაში - გურამ მეგრელიშვილს;
კრიტიკაში, პუბლიცისტიკასა და დოკუმენტურ პროზაში - გოჩა კუჭუხიძეს;
თარგმანში - ნინო ქაჯაიას;
ჰუმანიტარულ მეცნიერებაში - ავთო არაბულს;
ხელოვნებაში - დავით კვირცხალიას;
ილიას მედალი “მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა", ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, გადაეცა მერაბ კოკოჩაშვილს.
პრემია და ილიას მედალი ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისა და "ილიას ფონდის" თაოსნობით ორი ათეული წლის წინ დაარსდა და ის ადამიანს სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ გადაეცემა.
დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს იმართება.