სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს მცხეთაში მტკვრისა და არაგვის შესართავთან. სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული ნაგებობაა საქართველოში დღემდე შემორჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ტაძრის პირველი ნაგებობის მშენებლობა უკავშირდება ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანობის მიღებას, ფეოდალიზმის ჩასახვის პირველსავე ხანებში. IV ს-ის 30-იან წლებში გაქრისტიანებულ მირიან მეფემ წმ. ნინოს რჩევით ააგო პირველი ხის ეკლესია იმ ადგილას სადაც დაფლულია ქრისტეს კვართი, რომელიც მცხეთელმა ებრაელებმა ელიოზმა და ლონგინოზ კარსნელმა ჩამოიტანეს იერუსალიმიდან I საუკუნეში, ხოლო V საუკუნეში ამ ადგილას მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო ქვის ბაზილიკური ეკლესია. XI საუკუნეში კი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ის თაოსნობით, ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა გადააკეთა ჯვარგუმბათოვან ტაძრად. სვეტიცხოველი იყო საპატრიარქო ტაძარი, კათალიკოს-პატრიარქთა რეზიდენცია, აქ ხდებოდა საქართველოს მეფეთა და ეკლესიის მეთაურთა – კურთხევა, ჯვრისწერა, ქართველ უფლისწულთა მონათვლა. ტაძარი ქართველ მეფეთა საძვალესაც წარმოადგენს, ჩვენამდე მხოლოდ წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის, მეფე ერეკლესა და საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII საფლავებმა მოაღწიეს. სვეტიცხოველი იუნესკოს მსოფლიო ხელოვნების საგანძურთა ნუსხაში შედის.
ჯვრის მონასტერი
შუა საუკუნეები (IV-XVIII სს). /ადრე შუა საუკუნეები IV-IXსს/.
ჯვრის დიდი ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლებში ქრისტიანობის მიღების პირველივე წლებიდან ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის ჯვარი აღამართინა, რომელსაც მოგვიანებით გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრიატიანებიც.VI საუკუნის II ნახევარში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა. VI ს-ის მიწურულსა და VII ს-ის დასაწყისში მცირე ტაძრის გვერდით აიგო დიდი ტაძარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში). ჩვენამდე მიღწეული ერთ-ერთი უძველესი ეპიგრაფიკული ნიმუში ამოკვეთილია ჯვრის ტაძრის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადის რელიეფებზე, ტაძრის შუაში აღმართულ ჯვრის კვარცხლბეკზე, ტაძრის სამხრეთ – დასავლეთ კუთხის ოთახის შესასვლელის თავზე და კედლის მოპირკეთების ცალკეულ ფილებზე.
ჯვრის ტაძარი - ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძიებათა დამაგვირგვინებელი და ყველაზე სრულად განმასახიერებელი ძეგლი - საფუძველს უყრის განვითარების მთელ საფეხურს: VII საუკუნეში იქმნება ანალოგიურ ძეგლთა მთელი ჯგუფი, რომლებიც გეგმისა და საერთო აგებულების მხრივ დიდად უახლოვდებიან მცხეთის ჯვარს, მაგრამ თვისებებითა და დეტალებით განსხვავდებიან მისგან.
ვრცლად იხილეთ თანდართულ ბმულზე: WIKIPEDIA
სამთავროს მონასტერი
სამთავროს ტაძარი მდებარეობს მცხეთის ცენტრში, სამთავროს ველზე. გადმოცემის თანახმად ამ ადგილას ყოფილა მთავრის სამყოფელი საიდანაც წარმოდგება ტაძრის სახელწოდება “სამთავრო”. კომპლექსში შედის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აგებულია XI ს-ის 30-იან წლებში, წმ. ნინოს ეკლესია, სამრეკლო, გალავანი და კოშკი. სწორედ ეს ადგილი მაყვლოვანი, შეარჩია მოციქულთასწორმა წმ. ნინომ სალოცავად, იგი სამი წლის განმავლობაში აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ტაძარი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია, იგი ჯვარგუმბთოვანი ნაგებობაა დამშვენებული არაჩვეულებრივი ორნამენტებით. ტაძარში დასაფლავებულია პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და ნანა დედოფალი. 1811 წლიდან აქ ფუნქციონირებს დედათა მონასტერი.
შიომღვიმე
შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს მცხეთიდან 12 კმ-ზე. მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. მონასტერი დაარსებულია VI საუკუნის შუა წლებში ცამეტი ასურელი მამის – იოანე ზედაზნელის მოწაფის – შიოს მიერ. მამა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ, ღრმა მღვიმეში გაატარა და ანდერძის თანახმად, გარდაცვალების შემდეგ აქვე დაასაფლავეს. მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილადაა შერაცხული. XI საუკუნეში მღვიმეს ეკლესია დააშენეს, რომელიც მოგვიანებით იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას შეუერთდა. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემელის გუმბათოვანი ეკლესია, ზემო ეკლესია, სატრაპეზო და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო. იოანე ნათლისმცემლის სადა, მკაცრფორმიანი ეკლესია თითქმის მიწაშია ჩაფლული, იგი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, აგებულია წმინდა მამა შიოს ინიციატივით VI საუკუნის 50-60-იან წლებში. ჯვართამაღლების ტაძარი (XII ს) მდებარეობს მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მაღალ მთაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები.
ბებრის ციხე
მცხეთის ჩრდილოეთ გარეუბანში, მდ. არაგვის მარჯვენა სანაპიროზე კლდის თავზე აღმართულია ადრინდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე _ ბებრის ციხე, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი ბელტისციხეს უწოდებდა. მისი აგების დრო ზუსტად არ არის დადგენილი, მაგრამ ამ მიდამოებში დადასტურებულია ანტიკური ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ფენები. ოდესღაც იგი მცხეთის კარს კეტავდა არაგვის ხეობის მხრიდან და იცავდა ქალაქს. ციხე ნაგებია თანაბარი ზომის ნატეხი ქვით. იგი შედგება ციტადელისა და ქვედა ეზოსაგან. ციტადელის გეგმა სამკუთხედის ფორმისაა. სამივე კუთხეში კოშკი მდგარა. ყველაზე დიდი სამხ.დასავლეთის კოშკიდან შემორჩენილია სამი სართული. კოშკებში შემორჩენილია ერთი საინტერესო დეტალი. მათ აქვთ თავისებური საბრძოლო ხვრელები, სავარაუდოდ ისრის სატყორცნები. არის ერთი ფაქტი, რომელიც მიგვითითებს იმის შესახებ, რომ ციხეს შუა საუკუნეებში დიდი მნიშვნელობა ჰქონია. როგორც ჩანს იგი ციხე-დარბაზის როლსაც ასრულებდა. ბებრის ციხე ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენიებულია ლაშა გიორგის დროინდელ მემატიანესთან, რომელიც მოგვითხრობს, რომ დავით აღმაშენებლის ვაჟი, მეფე დემეტრე I მიიცვალა ბელტის ციხეს, საიდანაც იგი გადაასვენეს მისგანვე კურთხეულ გელათის მონასტერში.
ზედაზენი
ზედაზენი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ძეგლია, რომელიც მდებარეობს მცხეთის ჩრდ-აღმოსავლეთით (8 კმ.ში) არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე. Aწინა ქრისტიანულ ეპოქაში აქ აღმართული იყო ზადენის კერპი, რომლის ადგილასაც VI საუკუნის 40-იან წლებში ასურელ მამათაგან ერთ-ერთს ქართული მონასტერი დაუარსებია. სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისთვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც ააშენა კათალიკოსმა კლიმენტოსმა VIII საუკუნის დასასრულს. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ჭა, რომლის წყალიც სამკურნალოდ ითვლება.
ანტიოქიის ეკლესია
ეკლესია VII ს. კარიბჭე და კოშკი XVI – XVIII სს. ანტიოქია, ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი. დგას მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, არაგვისა და მტკვრის შესაყართან. შედგება სხავადასხვა დროის ნაგებობებისაგან: ძველი სამნავიანი ბაზილიკის ჩრდ-ის ნავიდაან გადაკეთებული დარბაზული ეკლესიისაგან (VII – VIII სს), კარიბჭისა და კარიბჭეზე დაშენებული კოშკისაგან (XVI – XVIII სს). შესასვლელი დასავლეთის მხრიდან კარიბჭიდან აქვს.
კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია
XII ს.
შუა საუკუნეები - IV- XVIII სს./განვითარებული შუა საუკუნეები - X - XV სს.
კალაუბნის წმ. გიორგის ეკლესია დგას მცხეთის ჩრდილოეთით, 5 კილომეტრზე მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის თხემზე. ეკლესიისაკენ, მცხეთა-შიომღვიმის გზიდან, მიდის ბილიკი. ეკლესია აგებულია XII ს.-ში. 1975 წელს ჩაუტარდა გასამაგრებელი და აღდგენითი სამუშაოები. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთით მასზე მიდგმულია კოშკისებრი ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ცილინდრული კამარით გადახურული პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულებს. ეკლესია მთლიანად მოუხატავთ XII ს.-ში. გამოირჩევა დახვეწილი ფერადოვანი გამით - ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი, ბაცი მწვანე ფერები შეხამებულია მოწითალო ყავისფერთან.
არმაზის ციხე
არმაზის ციხე, არქიტექტურული ძეგლი დგას არმაზისხევის სათავეებთან, რკინიგზის ხაზის სამხრეთით, 3 კმ-ზე, ორ ხედს შორის აღმართულ ძნელად მისადგომ მაღალ კლდოვან მთაზე. თარიღდება XIII-XV სს-ით. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან. ნაგებია ნატეხი ქვით, იგი ძლიერ დაზიანებულია. ციხეს შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰქონია. Gგალავანი გეგმით ტრაპეციის მაგვარია. კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილში დგას. შიგნით მისი ერთი კუთხე ცერათაა გადატიხრული. შესასვლელი მეორე სართულზეა ჩრდილოეთით. Aამ სართულზე მოზრდილი სარკმლებია. Mმესამე სართულის კედლების მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი.
კოდმანის ღვთისმშობლის ეკლესია
მცხეთის რკინიგზის სადგურის პირდაპირ, მთის კლდოვან ფერდობზე, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც აგებულია XI-XII სს-ში. ისტორიულ წყაროებში ღვთისმშობლის ეკლესია ცნობილია ახალქალაქურის სახელწოდებით და ცნობილია, რომ 1609 წელს, მეფე ლუარსაბისაგან დევნილმა გიოგი სააკაძემ თავის ახლობლებთან ერთად თავი სწორედ ახალქალაქურ მონასტერს შეაფარა. XIXს-ის 90-იან წლებში, ვინმე ოლღა გორნიჩს და მის მეუღლეს ეს მიდამოები მთლიანად გაუთხრიათ და მიწით დაფარული მონასტერი აღმოუჩენიათ. მათ გაწმინდეს და შეაკეთეს იქაურობა და დაარსეს დედათა მონასტერი. სწორედ აქედან მოდის მისი სახელწოდება “ ოლღას მონასტერი”. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია საშუალო ზომის ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. კანკელი (XVIII-XIX) იმეორებს შუა საუკუნეების კანკელთა ფორმას. ამჟამად ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიას დასავლეთით ეკვრის კარიბჭე რომელიც განეკუთვნება XI_XIIსს.
კოდმანის წმინდა დემეტრე თესალონიკელის ეკლესია XI-XII სს.
ეკლესია მცხეთიდანდასავლეთით ორიოდე კმ-ის დაშორებით, კოდმანის ზეგანზე მდებარეობს . ორქანობიანი, ფლეთილი ქვის ეკლესია განსაკუთრებული არქიტექტურული ღირებულებით არ გამოირჩევა ორქობიანი ეკლესია რამდენჯერმეა გადაკეთებული. მის მნიშვნელობას საინტერესო ლანდშაფტური გარემო განაპირობებს.ეკლესიადარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელისამხრეთიდანაა. დარბაზი უსწორო ნახევარწრის ფორმის კამარითაა გადახურული. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია გაჭრილი. საკურთხეველში სარკმელთან ჩასმულ ქვაზე (გადმოტანილია სხვა ძეგლიდან) წითელ საღებავგადასმულიასომთავრულიწარწერაა.ტაძარში შემონახული იყო საკურთხევლისწინ აღსამართი ჯვრის კვარცხლბეკი, რომელიც გამოიყენებოდა ტრაპეზის ქვად. იქვე ინახებოდა ადრექრისტიანული ხანის რელიეფური კვეთილობით შემკული ქვაჯვარის კაპიტელი. ეს ქვები ახლა ეკლესიის სამხრეთ ფასადთან დგას. ეკლესია მოხატული ყოფილა. ფერწერის ნაშთები შემორჩენილია აბსიდთან.
მგალობლიანთკარის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.ეკლესია დარბაზულია,ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით, გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ღრმა ნახევარწრიულ აფსიდში ექვსი ნიშია. დარბაზი გეგმით კვადრატულია. დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლებში თითო სარკმელია. დასავლეთის კედელი საბჯენი თაღითაა შემოსაზღრული. თაღი ცილინდრული კამარის ქუსლის დონეზე იკვეთება. ეკლესიის ლავგარდანი აგურისაა ჰორიზონტალურ რიგად დალაგებულ აგურებს შორის ჩასმულია სამკუთხად ნაშვერი აგურები.
პომპეუსის ხიდი
ძველი ხიდი,იგივე მოგვთა და პომპეუსის ხიდი-ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ქ. მცხეთის შესასვლელში, დღესდღეობით მდინარე მტკვრის არსებული ხიდის აღმოსავლეთით 100 მეტრში, ამჟამად თითქმის დაფარულია წყლით. მცხეთის ხიდთან იყრიდა თავს ამიერკავკასიის მთავარი გზები – დარიალის ხეობიდან საქართველოს სამხრეთ საზღვრამდე, შავი ზღვიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე. ხიდის სახელს რომაელ მხედართმთავარს გნეუს პომპეუსს უკავშირებს, რომელმაც ძვ.წ. 65წ. დალაშქრა საქართველო. სინამდვილეში ხის ხიდი პომპეუსის მოსვალამდეც არსებობდა. ისტორიულ წყაროებში მოგვთა ხიდის სახელით მოიხსენიება. XVIII ს-ში ხიდის მოვლა დაეკისრათ მცხეთელ აზნაურებს გედევანიშვილებს, XIX ს-ში მძიმე ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით ხიდის შემდგომი ექსპლუატცია სახიფათო გახდა, ამიტომ ძველი ხიდი დაანგრიეს და ამავე ადგილზე 1839-41წწ. ააშენეს მაღალი ოთხმალიანი ქვის თაღოვანი ხიდი. ხიდის საყრდენად კი გამოიყენეს მცირე ზომის ბუნებრივი კლდოვანი კუნძული. მოგვიანებით ზაჰესის მშენებლობის დროს მდ. მტკვარზე სადგურის შესაქმნელად გაკეთდა ჯებირი და ხიდი წყალმა დაფარა. მის ნაცვლად ძვ. ხიდიდან მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით 150 მ-ზე 1926წ. აიგო რკინის სამმალიანი ხიდი, რომელიც დღესაც მოქმედებს.
წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია და ციხე-გალავანი
შუა საუკუნეები- IV- XVIII სს. /გვიანი შუა საუკუნეები - XVI-XVIII სს.
უგუმბათო, ორნავიანი ეკლესია. მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კარსანში. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია დიდი ზომის ქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდი ნახევარწრიულია, მასში სამი ნიშია, ერთი – ჩრდილოეთით, ორი - სამხრეთით. აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია, ხოლო სამხრეთისაში – ორი. დარბაზი კამარითაა გადახურული. ეკლესიის ცოკოლი ნაგებია ნატეხი ქვით, ლავგარდანი სწორკუთხა ფილებით.
გათხრილია გალავნის სამხრეთი და აღმოსავლეთი კედლები, რომლის სამი მხარე უხეშად გათლილი ქვიშაქვის ლოდებითაა ნაგები, ხოლო ჩრდ. მხარე – ნატეხი ქვით. გალავნის კედელი გამაგრებულია გარეთ გამოწეული, ერთმანეთისაგან სხვადასხვა მანძილით დაშორებული ოთხკუთხა კოშკებით. გალავნის შიგნით გამოვლინდა ნატეხი ქვით ნაგები ნახევრადმიწურის ტიპის საცხოვრებელი ნაგებობანი. სათავსების ცენტრში მოწყობილია ოთხკუთხა კერები. გალავნის ჩრდილოეთ უბანზე გაითხარა ორი მარანი, ერთში _ 14, ხოლო მეორეში 4 საშუალო ზომის ქვევრი აღმოჩნდა.
გეთსამანია
მცხეთაში ყველა ქრისტიანული ძეგლის სახელწოდებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მათ შორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასაც, რომელიც ქალაქის დასავლეთ ნაწილში, თბილისი-მცხეთის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, ბექობზეა აღმართული. ეკლესია ცნობილია გეთსამანიის სახელწოდებით, რაც წარმოადგენს იმ ბაღის სახელწოდებას, სადაც საიდუმლო სერობის შემდეგ იესომ ილოცა. Eეკლესიის შესახებ თითქმის არაფერია შემორჩენილი, მაგრამ ცნობილია, რომ იგი VI საუკუნით თარიღდება. XVII ს-ში შაჰ აბასის შემოსევების დოს მთლიანად დაინგრა და შემორჩენილი იყო მხოლოდ აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდი. იგი ნაგები იყო ქვიშაქვის არათანაბარი დიდი კვადრებით. ეკლესია განაახლეს და ფაქტობრივად ხელახლა ააგეს 2008 წელს, არქიმანდიტი ილია ნასიძის და მისი მრევლის შემწეობით. ტაძარი წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას, რომელიც ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით. ამჟამად იქ მოღვაწეობს რამოდენიმე ბერი.
სამთავროს სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მდებარეობსAარაგვის მარჯვენა ნაპირზე, აღმ- ესაზღვრება მდ. არაგვი, დას-ით კოდმანის ვაკობი, სამხრეთით-მონასტრის ხევი, ხოლო ჩრდ-ით ბაიათხევი. ფართობი 18 ჰა. Gგამოვლენილი ძე-ები მოიცავენ პერიოდს ადრინდ. Bბრინჯაოს ხანიდან განვითარებული ფეოდალური ხანის ჩათვლით. სამთავროს სამაროვანის სისტემური არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1938 წ-დან. აღმოჩნდა 3000 მდე სხვადასხვა პერიოდისა და ტიპის სამარხი და ნაძრავი კულტურის ფენების მასალა. 1976 წ. სამთავროზე სტაციონარული არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა, რომლის დროსაც გამოვლინდა გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის, ელინისტური გვიანდელი ანტიკური და ფეოდალური ხანის ნამოსახლარები და ახ.წ II-VIIIსს. 800-მდე სამარხი, სამთავროზე მოპოვებული მასალების ერთი ნაწილი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება, დანარჩენი მოსკოვში, ისტორიულ მუზეუმში, ევროპის სიძველეთა საცავებში და მცხეთის მუზეუმში. ყველაზე ადრეული შუა ბრინჯაოს ხანის გორა სამარხებია. შუა ბრინჯაოს ხანის სამარხებში თიხის ჭურჭელი, სარდიონის, გიშრის, ბროლის მძივები, ოქროს ფურცლისგან დამზადებული ხაზოვანი ორნამენტით შემკული მძივის გარსაკრავები, ყუნწგახვრეტილი სატევრისპირები.
მცხეთის აკლდამა
აკლდამა, არქეოლოგიურ - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურის სამხრეთით 300 მ-ზე, თარიღდება I-II სს. მიჯნით. აკლდამა აგებულია კლდოვანი მთის ძირას, საგანგებოდ ამოჭრილ სწორკუტხა ქვაბულში. Aაკლდამა გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა. აკლდამაში აღმოჩნდა: ქალისა და ბავშვის ძვლები, ნახევრად ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს აბზინდა, ოქროს, პასტის, მინისა და ქვის მძივები, ოქროს საკიდები და ღილები, დამკვრელ-მომღერალი ჭაბუკის მინის სანელსაცხებლეები, მონეტები-69 ვერცხლისა და 10 ოქროსი. აკლდამა ანტ.ხანის საქართველოს მნიშვნელოვანი არქიტ. ძეგლია. ამგვარი აკლდამები აღმოჩენილია ჩრდილო შავიზღვის პირეთში, მცირე აზიაში და საქართველოში.
არმაზციხე-ბაგინეთი ქართლის სამეფო რეზინდენცია
არმაზციხე ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მცხეთის რკ. სადგურის სამხრეთ აღმოსავლეთით 2 კილომეტრზე, მდ. Mმტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ქართლის ქედის ბოლოში ტერასებიანი კლდოვანი მთის კეხსა და ჩრ. აღმ. Fფერდზე. არმაზციხე მოხსენებულია ქართულ, ბერძნულ – რომაულ საისტორიო წერილობით წყაროებში.Eევროპელი ავტორები არმაზციხეს ჰარმოზიკე, აკროპოლისს, ჰარმაკტიკა უწოდებენ. მოსახლეობა ამ ადგილს ბაგინეთს უწოდებს (სულხან საბა ორბელიანის განმარტებით ბაგინი იგივე ბომონი, სვეტია, ხატსა ანუ კერპსა ზედ აღმართავენო, სპარსულად კი ბაგა ღმერთის ადგილს ქვია). აქ იდგა არმაზის კერპი. არმაზციხის აშენებას ძველი ქართული საისტორიო წყაროები მიაწერენ ქართლოსს, რომელიც ბიბლიური ნოეს შთამომავალია. ქართველთა მამამთავარ ქართლოსს ამ ადგილას აუშენებია ციხე-სიმაგრე და ამ ადგილისთვის და ამ მთისთვის ქართლი უწოდებია. ციხე-სამეფო რეზიდენციას და სტრატეგიულ პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა ახ. წ. V საუკუნის ბოლომდე. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა საფორტიფიკაციო (გალავანი, კოშკები, კლდეკარი) სასახლისა და ტაძრის ტიპის ექვს სვეტიანი დარბაზი. სამეურნეო (მარანი) სანიტარული (აბანო, წყალსადენი) ნაგებობანი. სამარხები, საკულტო ძეგლის სადგარი.
ქართლის პიტიახშთა არმაზისხევის რეზიდენცია
მცხეთის არქეოლოგიურ ძეგლებს შორის აღსანიშნავია არმაზის ხევის ქართლის პიტიახშთა-ერისთავთა რეზიდენცია. გათხრების შედეგად გამოჩნდა მოზრდილი, ოთხკუთხა გეგმის დარბაზის ნაშთები. შენობა რომელიც სასახლეთაა მიჩნეული აგებულია ქვითკირით, ადგილზე აღმოჩნდა კარის ქვის კარგად გათლილი შენობის გეგმა, სქელი მტკიცე კედლები თლილი ქვის გულდასმით დამუშავებული დეტალები გვანიშნებენ, რომ აქ იყო წარჩინებულთა წრის სასახლე. სასახლიდან ათიოდე მეტრის დაშორებით მდებაროებს აბანო, მისი სიგრძე 22 მ. სიგანე 6 მ. აბანო ერთ ხაზზე განლაგებული ხუთი განყოფილებისგან შედგებოდა – სათბობი განყოფილება, გასახდელი, ცხელი, თბილი და ცივი აბანოები, რომელთა ქვეშ მოწყობილია გათბობის რთული სისტემა. სათბობი დაკავშირებულია კალორიფერებთან. აქ იატაკის მთელ ფართობზე დგას მრგვალი აგურისგან აწყობილი 1,1 მ სიმაღლის სვეტები, გადახურული დიდი კერამიკული ფილებით. Hჰიპოკაუსტის კუთხეებში დამრეცად დატანებულია კერამიკული მილები, რომლის საშუალებითაც ხორციელდებოდა აბანოს გათბობა. აბანო სასახლის მსგავსად კრამიტით იყო გადახურული. არმაზისხევის აბანო წარმოადგენდა იბერიის ერისთავთა რეზიდენციის შემადგენელ ელემენტს ახ.წ. II-III სს.
წმინდა იოანე-თორნიკე ერისთვის სახელობის დედათა მონასტერი.
წმინდა იოანე-თორნიკე მთაწმინდელის სახელობის ტაძარი 2003 წლის 25 ივნისს ეკურთხა, ხოლო 2007 წელს - დედათა მონასტერი. წმინდა იოანე-თორნიკე მთაწმინდელის სახელობის ტაძარი საქართველოში ერთადერთია. იგი ღართიკარში დასახლებულ ადგილას დგას. წმინდა თორნიკეს ტაძარი გალავნით არის შემოსაზღვრული. ორ ადგილას რკინის დიდი ჯვარია აღმართული წმინდა ნინოს ჯვრის სახედ.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მონასტერს წინამძღვრობს არქიმანდრიტი ბართლომე, კეთილმოწესე კი დედა ეფემია გახლავთ.
ტაძარი აგებულია ცნობილი ფეხბურთელის ილია რუხაძის ოჯახის მიერ, შვილის - თორნიკეს სულის საოხად.
წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი
ოლღას დედათა მონასტერი
ოლღას დედათა მონასტერი XI-XII სს. მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურის დასახლებაში, მთის კლდოვანი ფერდის აღმოსავლეთ მხარეს, მდინარე მტკვარის მარჯვენა ნაპირზე. არსებული სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიები. ისტორიულ წყაროებში ღვთისმშობლის ეკლესია ცნობილია ახალქალაქურის სახელწოდებით. 1609 წელს ლუარსაბ II-საგან დევნილმა გიორგი სააკაძემ თავის ახლობლებთან ერთად ახალქალაქურ მონასტერს შეაფარა თავი. როგორც ნატროევი თავის ნაშრომში იუწყება, ამ ადგილას სამი ეკლესია მდგარა: წმ. ეკატერინესი, ღვთისმშობლის მიძინების და წმ. მოწამე მარინესი. 1891 წელს ოლღა გორნიჩმა გააწმენდინა მიწით დაფარული ეკლესია, შეაკეთებინა და დააარსა იქ დედათა მონასტერი. მონასტერი იკურთხა საქართველოს ეგზაქოსი პალადის მიერ იმავე წელს.
მცხეთის წმ. ბარბარეს ეკლესია X-XI სს.
ეკლესია მცხეთის ჩრდილო-დასავლეთით, განაპირა გორაკზე, შიომღვიმისკენ მიმავალი სამანქანო გზის მარცხნივ დგას.
სამსაფეხურიან ცოკოლზე შემომდგარი დარბაზული ეკლესია რამდენიმე წლის წინ აღადგინეს. ნაგებობა არ არის გადატვირთული საფასადე მორთულობით და გამოირჩევა კარგად დამუშავებული ქვიშაქვის კვადრების წყობითა და დახვეწილი პროპორციებით. კარგად თლილი ქვებით იყო ნაწყობი ინტერიერის კედლებიც. ერთადერთი არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. დასავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ ჰქონდა ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელზეც გაირჩევა მხოლოდ სახელი სტეფანე.
დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერი
წმინდა ნინოს სალოცავი, მცხეთის ჯვართან
წმინდა ნინოს ეკლესია ანუ ,,ძუძუს წყაროს“ საყდარი ქალაქ მცხეთის პირდაპირ ჯვრის მთაზე მდებარეობს. ჯვრიდან 150 მეტრზე ვიწრო, ციცაბო ბილიკი ჩადის ხეების მცირე კორომში, რის გამოც მისი დანახვა მცხეთიდან შეუძლებელია. ამ ადგილიდან გაცილებით ვიწრო ბილიკით დაბლა საავტომობილო მაგისტრალამდეც ჩასვლაა შესაძლებელი. საყდარმა სახელწოდება მიიღო წყაროდან, რომელიც აქ მოედინება. გადმოცემით ამ ადგილას წმ. ნინო მუხლმოდრეკილი ევედრებოდა უფალს ქართლის მოქცევას. აქ იდგა „აკაკის ხე", რომელიც სასწაულებს ახდენდა. იგი IV საუკუნეში მოუჭრიათ და მისგან დაუმზადებიათ ის ჯვარი, რომელიც თავდაპირველად ჯვრის ტაძრის ადგილას მდგარა ( ჯვრის ტაძარში შემორჩენილია ამავე ჯვრის რვაწახნაგა კვარცხლბეკი). ხე კურნავდა ნებისმიერი დაავადებით მისულ სნეულებს. მის ძირში მოედინებოდა წყარო, რომელიც იგივე მაკურნებელი თვისებისაა. წმინდა ნინოს ეკლესია ძალიან მცირე ზომისაა და დასავლეთის მხრიდან მიდგმულია კედელზე. იგი დასავლეთის და სამხრეთის მხარეს გარკვეულწილად მიწაშია ჩაფლული. საყდარი, რომელიც ძლიერ იყო დაზიანებული მთიდან ჩამოშლილი მიწით, ამჟამად აღდგენილია და პირვანდელი სახე აქვს დაუბრუნებული.
ნიჩბისის ღვთისმშობელი (XIX ს)
ორნავიანი ეკლესია დარბაზულია და ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვით. აშენებულია 1817 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიჩბისში. მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთით, მდინარე ნიჩბურას მარჯვენა ნაწილში. დასავლეთის ფასადზე, სარკმლოს ქვემოთ ჩასმულია ქვა, მასზე ჯვრის გამოსახულება და მხედრული წარწერაა, რომლის თანახმად ეკლესია სომხების აგებულია.
ვრცლად იხილეთ თანდართულ ბმულზე: Wikipedia
ახალუბნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
შუა საუკუნეები- IV- XVIII სს. /გვიანი შუა საუკუნეები - XVI-XVIII სს.
დარბაზული, უგუმბათო, ორნავიანი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის დასავლეთ ნაწილში, სასელექციო სადგურის ჩრდილოეთით. 1692 წელს ეკლესია განუახლებიათ. სამხრეთ კედელში ორი კარია დატანებული: დასავლეთის კარს კარიბჭე აქვს მიშენებული. აბსიდასა და დასავლეთის კედელში თითო სარკმელია გაჭრილი. აბსიდაში სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ასეთივე ნიშია ჩრდილოეთის კედელშიც. კამარის საბჯენი შეისრული თაღები კონსოლებს ეყრდნობა. ფასადები დასრულებულია აგურის სამრიგიანი თაროსებრი ლავგარდანით. ტაძრის კარები და სარკმლები შეისრულთაღიანია. კამარა გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც კონსოლებზე დაყრდნობილ თაღს ემყარება. დასავლეთის კარის თავზე ჩადგმულია სამშენებლო წარწერიანი ფილა. წარწერა მხედრულია. შესრულებულია 8 სტრიქონად. იკითხება: ,,ნებითა და შეწევნითა ღმრთისაითა კვლავცა აღვაშენე ესე ყოვლადწმიდა საყდარი მე გოგინაშვილმა . . . . . ერისთვისა გიორგი . . დროსა მდივანბეგის . . . . ქორონიკოზსა ტპ".