მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
მცხეთა
ისტორიაგეოგრაფიული მდებარეობამოსახლეობასაპატიო მოქალაქეებიდამეგობრებული ქალაქები


მცხეთისა და „დიდი მცხეთის“ტერიტორია დასახლებული იყო ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. III—II ათასწლეული). გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანაში (ძვ. წ. II—I ათასწლეული) იგი მჭიდროდაა დასახლებული (სამთავროს, ზემო ავჭალის, წიწამურის, ნარეკვავის, წეროვნის, ნაბაღრევის სამაროვანი და ნამოსახლარები). ბრინჯაო-რკინის ხანაში მოსახლობათა ურთიერთობა კავკასიის ცივილიზაციის სინქრონულ კერებთან სამთავროს მეშვეობით ხორციელდებოდა. ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან მცხეთის ისტორიაში აისახა ახლო აღმოსავლთის უძველეს პოლიტიკური წარმონაქმნთა ცხოვრებისათვის დამახასიათებელი დიდი ძვრები — ძვ. მცხეთაში შემოიჭრა ძლიერი კულტურული ნაკადი, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა ქალაქის ცხოვრება III — IV საუკუნეებამდე, ძვ. სამოსახლოების განვითარება, მათი ერთ დიდ ქალაქად, დიდ მცხეთად გაერთიანება, რომლის ერთ-ერთი თავისებურება იყო მოსახლეობის ეთნოგრაფიული სიჭრელი, მისი სოციალური და პროფესიული დიფერენციაცია. ლეგენდის თანახმად, ქალაქი დააარსა ეთნარქმა მცხეთოსმა. არსებობს მოსაზრება, რომ სახელწოდება „მცხეთა“ წარმოდგება მესხთა (მოსხები — მუშქები) ტომის სახელიდან. ამ ტომის სამოსახლო მცხეთის ტერიტორიაზე ძვ. წ. VIII საუკუნის შემდეგ უნდა გაჩენილიყო. ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოდან მცხეთა ახლად წარმოქმნილი ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკური ცენტრია. ქალაქის დაწინაურებასა და განვითარებას ხელს უწყობდა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა — აქ გადიოდა საერთაშორისო სავაჭრო გზები, რომლებიც მდინარეების არაგვისა მტკვრის გაყოლებით მიემართებოდა. ანტიკური ხანის დიდი მცხეთა — „არმაზით კერძი ქალაქი“ — მტკვრის მარჯვენა ნაპირზე და „მუხნარით კერძი ქალაქი“ — მტკვრის მარცხენა ნაპირზე — შედგებოდა რამდენიმე, ერთმანეთისაგან განმხოლოებული უბნისაგან — საკუთრივ მცხეთა, არმაზი, მოგვთაკარი, სარკინე, წიწამური (იგივე სევსამორა) და სხვა, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებოდა ხიდებით. თითოეულ უბანში მოსახლეობა მისდევდა ძირითადად მეურნეობის ერთ რომელიმე სახეობას — ლითონის წარმოებას (სარკინე), სოფლის მეურნეობას (წიწამური), მეთუნეობას (კარსნისხევი) და სხვა. ყოველ უბანს ჰქონდა გალავანი, კარი, მოედანი, სავაჭრო სახლები, აბანო, წყალსადენი და სხვა. ტაძრები შენდებოდა გორაკებზე (არმაზის კერპი — ბაგინეთის მთაზე, აინინა და დანინა — არმაზის გზის პირას, ზადენი — წიწამურის გორაზე და სხვა). საცხოვრებელი უბნები შეფენილი იყო მთის კალთებზე, ხოლო დაბლობში განლაგებული იყო სახელოსნოები, ხილის ბაღები და ვენახები, სასაფლაოები. არმაზისხევში იყო პიტიახშთა რეზიდენცია — არისტოკრატიის უბანი.

ჩრდილოეთიდან მცხეთას იცავდა ღართისკარბებრის ციხე და წიწამურის, დასავლეთიდან —სარკინე-სავანეს, აღმოსავლეთიდან —ნაქულბაქევ-ზემო ავჭალის თავდაცვითი სისტემები. უბნების ციხესიმაგრეები ქმნიდნენ დიდი მცხეთის ერთიან თავდაცვით სისტემას, რომლის მთავარი კომპონენტი იყო დიდად გამაგრებული შიდა ციხე (არმაზციხე) —მეფის რეზიდენცია ბაგინეთის მაღალ მთაზე, რომელსაც გაბატონებული მდებარეობა ეკავა მცხეთის მიდამოებზე. ამ პერიოდის მაღალ საამშენებლო და ხუროთმოძღვრულ კულტურაზე მიუთითებს გათხრებით გამოვლენილი: არმაზის (ფართობი 30 ჰა) მშრალი წყობით, დიდი ქვათლილების საფუძველზე ალიზით ამოყვანილი გალავანი (სისქე 2,6—3,0 მ, სიმაღლე 6—8 მ) და ოთხკუთხა კოშკები. ამ ტერიტორიაზე მიკვლეულ სხვა ნაგებობათა („სვეტებიანი დარბაზი“, აბანო და სხვა) ნაშთები. პიტიახშის რეზიდენციაში აღმოჩენილი ანტიკური აბანოს ნაშთები (გასახდელი, საქვაბე, საბანაო განყოფილებები). ნახევრადწრიული კამარით გადახურული, პროფილირებული ლავგარდნით და კარის ჩარჩითი შემკული, მშრალი წყობით ნაგები ქვის აკლდამა და სხვა. ამასვე ამტკიცებს პიტიახშების ნასახლარზე აღმოჩენილი ანტიკური ხანის სვეტისთავები, ბაზები, ლავგარდნები და სხვა. მცხეთაში დამზადებული ორი სახის კრამიტი, ქალაქის მხატვართუხუცესისა დახუროთმოძღვრის თანამდებობის არსებობა და სხვა დედაქალაქობის ხანის მცხეთა ხელოსნობისა (მეთუნეობა, მელითონეობა, ოქრომჭედლობა, ქვით და ხით ხუროობა, მინის წარმოება და სხვა) და ვაჭრობის მსხვილი ცენტრი იყო.

ძვ. წ. 65 წელს მცხეთა რომაელმა სარდალმა პომპეუსმა დალაშქრა. გადმოცემით IV საუკუნის დასაწყისში იერუსალიმიდან მოსული მისიონერი ნინო მცხეთაში ქრისტიანობას ქადაგებდა (მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ადგილებიასამთავრო, სვეტიცხოველი, ჯვარი). 326 წელს მეფე მირიან III-მ და მისმა ოჯახმა ახალი რელიგია მიიღო. ქრიასტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. VI საუკუნის დასაწყისში მეფე დაჩი I უჯარმელმა მამის — ვახტანგ გორგასლის ანდერძის თანახმად, დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა. მცხეთამ დაკარგა პოლიტიკური მნიშვნელობა, მაგრამ იგი კვლავინდებურად ქვეყნის საეკლესიო ცენტრად დარჩა — აქ იყო საქართველოს პატრიარ-კათოლიკოსის რეზიდენცია. 736—738 წლებში ქალაქი არაბმა სარდალმა მურმან II იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუ) დაიპყრო და გაანადგურა — დაანგრია აემაზციხე. XV საუკუნის დასაწყისში მცხეთა თემურლენგმა დაარბია (ძალზე დაზიანდა სცეტიცხოვლის ტაძარი). მომდევნო საუკუნეებში მცხეთის მნიშვნელობა თანდათან დაქვეითდა. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ იგი დუშეთის მაზრის მცირე სოფელიღა იყო.


სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი – 1010-1029 წლებში.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს მცხეთაში მტკვრისა და არაგვის შესრთავთან. სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული ნაგებობაა საქართველოში დღემდე შემორჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ტაძრის პირველი ნაგებობის მშენებლობა უკავშირდება ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანობის მიღებას, ფეოდალიზმის ჩასხვის პირველსავე ხანებში. IVს-ის 30-იან წლებში გაქრისტიანებულ მირიან მეფემ წმ. ნინოს რჩევით ააგო პირველი ხის ეკლესია იმ ადგილას სადაც დაფლულია ქრისტეს კვართი, რომელიც მცხეთელმა ებრაელებმა ელიოზმა და ლონგინოზ კარსნელმა ჩამოიტანეს იერუსალიმიდან I საუკუნეში, ხოლო V საუკუნეში ამ ადგილას მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო ქვის ბზილიკური ეკლესია. XI საუკუნეში კი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ის თაოსნობით, ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა გადააკეთ ჯვარგუმბათოვან ტაძრად. სვეტიცხოველი იყო საპატრიარქო ტაზარი, კათალიკოს-პატრიარქთა რეზიდენცია, აქ ხდებოდა საქართველოს მეფეთა და ეკლესიის მეთაურთა - კურთხევა, ჯვრისწერა, ქართულ უფლისწულთა მონათვლა. ტაძარი ქართველ მეფეთა საძვალესაც წარმოადგენს, ჩვენამდე მხოლოდ წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის, მეფე ერეკლესა და საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII საფლავებმა მოაღწიეს. სვეტიცხოველი იუნესკოს მსოფლიო ხელოვნების საგანძურთა ნისხაში შედის. 


მცხეთის ჯვრის ტაძარი – VI-VII სს  

ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი _ ჯვარი დგას მცხეთასთან მთის წვერზე მდინარეების: მტკვრისა და არაგვის შესართავთან. ქრისტიანობის მიღებისთანავე ამ ადგილას მეფე მირიანმა ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც. ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა, რომელსაც დღეს "მცირე ჯვარს" უწოდებენ. VI ს-ის ბოლოს და VII ს-ის დასაწყისში გუარამის ძემ – ერისმთავარმა სტეფამოზ I-მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი დღევანდელი ჯვარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს. მცხეთის ჯვარი პირველი ნიმუშია ჯვრული ტიპის ეკლესიებისა, იგი ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს. მონასტრის გარშემო სხვა არსებული ნაგებობები (კოშკი, გალავანი) უფრო გვიანდელია. ტაძრის ფასადებზე გამოსახულია როგორც რელიგიური ისე ისტორიული პირებიც, არის ძველი წარწერებიც. მცხეთის ჯვარი იუნესკოს მსოფლიო ხელოვნების საგანძურთა ნუსხაში შედის.


სამთავრო – XI ს  

სამთავროს ტაძარი მდებარეობს მცხეთის ცენტრში, სამთავროს ველზე. გადმოცემის თნახმად ამ ადგილას ყოფილა მთავრის სამყოფელი საიდანაც წარმოდგება ტაძრის სახელწოდება "სამთავრო". კომპლექსში შედის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აგებულია XI ს-ის 30-იან წლებში, წმ. ნინოს ეკლესია, სამრეკლო, გალავანი და კოშკი. სწორედ ეს ადგილი მაყვლოვანი, შეარჩია მოციქულთასწორმა წმ. ნინომ სალოცავად, იგი სამი წლის განმავლობაში აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ტაძარი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია, იგი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა დამშვენებული არაჩვეულებრივი ორნამენტებით. ტაძარში დასაფლავებულია პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და ნანა დედოფალი. 1811წლიდან აქ ფუნქციონირებს დედათა მონასტერი


შიომღვიმე – სამონასტრო ანსამბლი VI-XII სს

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს მცხეთიდან 12 კმ-ზე. მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. მონასტერი დაარსებულია VI საუკუნის შუა წლებში ცამეტი ასურელი მამის – იოანე ზედაზნელის მოწაფის – შიოს მიერ. მამა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ, ღრმა მღვიმეში გაატარა და ანდერძის თანახმად, გარდაცვალების შემდეგ აქვე დაასაფლავეს. მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილადაა შერაცხული. XI საუკუნეში მღვიმეს ეკლესია დააშენეს, რომელიც მოგვიანებით იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას შეუერთდა. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემელის გუმბათოვანი ეკლესია, ზემო ეკლესია, სატრაპეზო და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო. იოანე ნათლისმცემლის სადა, მკაცრფორმიანი ეკლესია თითქმის მიწაშია ჩაფლული, იგი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, აგებულია წმინდა მამა შიოს ინიციატივით VI საუკუნის 50-60-იან წლებში. ჯვართამაღლების ტაძარი (XII ს) მდებარეობს მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მაღალ მთაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები.


კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია. XII ს

ეკლესია დგას მცხეთის ჩრდილოეთით, 5 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, მაღალი მთის თხემზე. კალოუბნის ეკლესიისაკენ მცხეთა შიომღვიმის საავტომობილო გზიდან მიდოდა საცალფეხო ბილიკი და ძველი საურმე გზა. ამჟამად მიყვანილია მოხრეშილი სამანქანო გზა, რომელიც განახლდა და გაფართოვდა 2012 წელს. ეკლესია აგებულია XII საუკუნეში. 1975 ეკლესიას ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები (ხელმძღვანელი ვ.ცინცაძე).ეკლესია დარბაზულია (4,5 X 2,7მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთით მასზე მიდგმულია კოშკისებრი ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ცილინდრული კამარით გადახურული პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულებს. ეკლესია მთლიანად მოუხატავთ XII საუკუნეში. მოხატულობა დაზიანებულია. კალოუბნის წმინდა გიორგის ტაძრის ფრესკებიდან აღსანიშნავია: ხარების, შობის, მირქმის, ნათლისმცემლისა და ფერისცვალების სცენები. 2012 წელს დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. დაიდგა ახალი ტრაპეზის ქვა, მოეწყო სამკვეთლო, ეკლესიას გაუკეთდა ახალი, სპილენძით მოპირკეთებული ხის კარი და სხვ. 2013 წელს დაიწყო ეკლესიის ფრესკების სარესტავრაციო სამუშაოები.


 წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი


მონასტერი, რომელიც დაარსებულია სრდულიად საქართველოს კათალიკოს -პატრირქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ყოფილ საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ოჯახთან ერთად, ქ მცხეთაში. მისივე კურთხევით ეს სახლი საქართველოს წმინდა ეკლესიას გადაეცა 2005 წ. ხალხის შემოწირულობით და დახმარებით უწმინდესის ეზო-გარემოს ტერიტორიაზე აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ეკლესია, სამრეკლო და გალავანი. 2014 წელს კი ამავე მონასტრის ტერიტორიაზე დასრულდა მშენებლობა წმინდა ადრიანე და ნატალიას სახელობის ჯვარგუმბათოვანი ტაძრის მშენებლობა. დღესდღეობით მონასტრის ორივე ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვა.


სამთავროს სამაროვანი – ძვ.წ. II ათასწ. ახ.წ. VII ს.


არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მდებარეობსAარაგვის მარჯვენა ნაპირზე, აღმ- ესაზღვრება მდ. არაგვი, დას-ით კოდმანის ვაკობი, სამხრეთით-მონასტრის ხევი, ხოლო ჩრდ-ით ბაიათხევი. ფართობი 18 ჰა. Gგამოვლენილი ძე-ები მოიცავენ პერიოდს ადრინდ. Bბრინჯაოს ხანიდან განვითარებული ფეოდალური ხანის ჩათვლით. სამთავროს სამაროვანის სისტემური არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1938 წ-დან. აღმოჩნდა 3000 მდე სხვადასხვა პერიოდისა და ტიპის სამარხი და ნაძრავი კულტურის ფენების მასალა. 1976 წ. სამთავროზე სტაციონარული არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა, რომლის დროსაც გამოვლინდა გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის, ელინისტური გვიანდელი ანტიკური და ფეოდალური ხანის ნამოსახლარები და ახ.წ II-VIIIსს. 800-მდე სამარხი, სამთავროზე მოპოვებული მასალების ერთი ნაწილი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება, დანარჩენი მოსკოვში, ისტორიულ მუზეუმში, ევროპის სიძველეთა საცავებში და მცხეთის მუზეუმში. ყველაზე ადრეული შუა ბრინჯაოს ხანის გორა სამარხებია. შუა ბრინჯაოს ხანის სამარხებში თიხის ჭურჭელი, სარდიონის, გიშრის, ბროლის მძივები, ოქროს ფურცლისგან დამზადებული ხაზოვანი ორნამენტით შემკული მძივის გარსაკრავები, ყუნწგახვრეტილი სატევრისპირები.


ზედაზენი - სამონასტრო ანსამბლი: ეკლესია VIII სს. 


ზედაზენი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ძეგლია, რომელიც მდებარეობს მცხეთის ჩრდ-აღმოსავლეთით (8 კმ.ში) არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე. Aწინა ქრისტიანულ ეპოქაში აქ აღმართული იყო ზადენის კერპი, რომლის ადგილასაც VI საუკუნის 40-იან წლებში ასურელ მამათაგან ერთ-ერთს ქართული მონასტერი დაუარსებია. სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისთვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც ააშენა კათალიკოსმა კლიმენტოსმა VIII საუკუნის დასასრულს. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ჭა, რომლის წყალიც სამკურნალოდ ითვლება.


არმაზის ციხე – XIII-XIV სს.

 

არმაზის ციხე, არქიტექტურული ძეგლი დგას არმაზისხევის სათვეებთან, რკინიგზის ხაზის სამხრეთით, 3 კმ-ზე, ორხედს შორის აღმართულ ძნელად მისადგომ მაღალ კლდოვან მთაზე. თარიღდება XIII-XV სს-ით. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან. ნაგებია ნატეხი ქვით, იგი ძლიერ დაზიანებულია. ციხეს შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰქონია. გალავანი გეგმით ტრაპეციის მაგვარია. კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილში დგას. შიგნით მისი ერთი კუთხე ცერათაა გადატიხრული. შესსვლელი მეორე სრთულზეა ჩრდილოეთით. ამ სართულზე მოზრდილი სარკმელია. მესსამე სართულის კედლების მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი.


ბებრის ციხე – ადრე შუა საუკუნეებში. 

მცხეთის ჩრდილოეთ გარეუბანში, მდ. არაგვის მარჯვენა სანაპიროზე კლდის თავზე აღმართულია ადრინდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე _ ბებრის ციხე, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი ბელტისციხეს უწოდებდა. მისი აგების დრო ზუსტად არ არის დადგენილი, მაგრამ ამ მიდამოებში დადასტურებულია ანტიკური ფეოდალური ხნის არქეოლოგიური ფენები. ოდესღაც იგი მცხეთის კარს კეტვდა არაგვის ხეობის მხრიდან და იცავდა ქლაქს. ციხე ნაგებია თანაბარი ზომის ნატეხი ქვით. იგი შედგება ციტადელისა და ქვედა ეზოსგან. ციტადელის გეგმა სამკუთხედის ფორმისაა. სამივე კუთხეში კოშკი მდგარა. ყველაზე დიდი სამხ.დასავლეთის კოშკიდან შემორჩენილია სმი სართული. კოშკებში შემორჩენილია ერთი საინტერესო დეტალი. მათ აქვთ თავისებური საბრძოლო ხვრელები, სავარაუდოდ ისრის სატყორცნები. არის ერთი ფაქტი, რომელიც მიგვითითებს იმის შესახებ, რომ ციხეს შუა საუკუნეებში დიდი მნიშვნელობა ჰქონია. როგორც ჩანს იგი ციხე-დარბაზის როლსაც ასრულებდა. ბებრის ციხე ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენებულია ლაშა გიორგის დროინდელ მემატიანესთან, რომელიც მოგვითხრობს, რომ დავით აღმაშენებლის ვაჟი, მეფე დემეტრე I მიიცვალა ბელტის ციხეს, საიდანაც იგი გადაასვენეს მისგანვე კურთხეულ გელათის მონასტერში.


ანტიოქიის ეკლესია IV-V სს. 


წმ. სტეფნ პირველმოწამის ეკლესია აგებულია ქ.მცხეთაში, მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან. იგი ერთ-ერთი უძველესია მცხეთაში და ქართველთა ნათლისღების ადგილს წარმოადგენს. ცნობილია, რომ ქართლის მეფე მირიანი თავის ხალხთნ ერთდ სწორედ ამ ადგილას მოინათლა ქრისტიანად. ტაძარი ანტიოქიის სახელითცა ცნობილი. მეფე მირინის თხოვნით იმპერატორ კონსტანტინე დიდმა (306-337) იოანე აპიესოპოსი გამოაგზავნა საქართველოში, რომელიც 325 წელს ანტიოქიის პატრირქად იქნა არჩეული, ანტიოქა კი წარმოადგენდა ქრისტიანობის ცენტრს და ქართული ეკლესიაც სწორედ ანტიოქიის საპატრირქოს ემორჩილებოდ. სწორედ ამან განაპირობა შემდგომში ამ ტაძრის სახელწოდება. როგორც ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს, იგი IV-V სს-ში, წმინდა მირიან მეფის შვილთაშვილის დ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილ მეფეს აუგიათ სპარსელების განდევნის შემდეგ ღვთისადმ მადლიერების ნიშნად. მისი ხუროთმოძღვარი ყოფილა ბერძენი ოსტატი ავრელიოს აქოლიოსი, რომლის სახელიც შემოგვინახა ტაძრის ზღურბლში ჩატანებულმა ბერძნულმა წარწერამ, ტაძარი შედგება სხვადასვა დროის ნაგებობებისაგან: ძველი სამნავიანო ბაზილიკის ჩრდილოეთის ნავიდან გადაკეთბული დარბაზული ეკლესიისაგან (VII-VIIIსს), კარიბჭისა დამასზე დაშენებული სათავდაცვო კოშკისაგან (XVI-XVIIIსს). ანტიოქია იუნესკოს მსოფლიო ხელოვნების საგანძურთა ნუსხაში შედის.


პომპეუსის ხიდი


ძველი ხიდი,იგივე მოგვთა და პომპეუსის ხიდი-ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ქ. მცხეთის შესასვლელში, დღესდღეობით მდინარე მტკვრის არსებული ხიდის აღმოსავლეთით 100 მეტრში, ამჟამად თითქმის დაფარულია წყლით. მცხეთის ხიდთან იყრიდა თავს ამიერკავკასიის მთავარი გზები – დარიალის ხეობიდან საქართველოს სამხრეთ საზღვრამდე, შავი ზღვიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე. ხიდის სახელს რომაელ მხედართმთავარს გნეუს პომპეუსს უკავშირებს, რომელმაც ძვ.წ. 65წ. დალაშქრა საქართველო. სინამდვილეში ხის ხიდი პომპეუსის მოსვალამდეც არსებობდა. ისტორიულ წყაროებში მოგვთა ხიდის სახელით მოიხსენიება. XVIII ს-ში ხიდის მოვლა დაეკისრათ მცხეთელ აზნაურებს გედევანიშვილებს, XIX ს-ში მძიმე ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით ხიდის შემდგომი ექსპლუატცია სახიფათო გახდა, ამიტომ ძველი ხიდი დაანგრიეს და ამავე ადგილზე 1839-41წწ. ააშენეს მაღალი ოთხმალიანი ქვის თაღოვანი ხიდი. ხიდის საყრდენად კი გამოიყენეს მცირე ზომის ბუნებრივი კლდოვანი კუნძული. მოგვიანებით ზაჰესის მშენებლობის დროს მდ. მტკვარზე სადგურის შესაქმნელად გაკეთდა ჯებირი და ხიდი წყალმა დაფარა. მის ნაცვლად ძვ. ხიდიდან მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით 150 მ-ზე 1926წ. აიგო რკინის სამმალიანი ხიდი, რომელიც დღესაც მოქმედებს.



© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018