მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
მცხეთა
ისტორიაგეოგრაფიული მდებარეობამოსახლეობასაპატიო მოქალაქეებიდამეგობრებული ქალაქები



 მცხეთა ისტორიულად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებასა თუ კულტურულ - რელიგიურ განვითარებაში. ამაზე მეტყველებს არაერთი ისტორიული ცნობა და უამრავი ისტორიულ-კულტურული ძეგლი (უძრავი, მოძრავი). მათ შორის გამორჩეულია მუნიციპალიტეტის ცენტრი, ქალაქ მუზეუმად აღიარებული უძველესი ქ. მცხეთა.

   არქეოლოგიური გათხრებით დადგინდა, რომ მცხეთა და მისი შემოგარენი მჭიდროდ იყო დასახლებული ჯერ კიდევ ადრინდელ და შუა ბრინჯაოს ხანებში (ძვ.წ. III-ე ათასწლეულში) და გვიანდელი ბრინჯაოს ხანებში (ძვ.წ. აღ-ის II-ე ათასწლეული).

ლეგენდის მიხედვით ქალაქი დააარსა ერთნარქმა მცხეთოსმა ძვ.წ. აღ-ის I ათასწლეულში. ძვ.წ. აღ-ის IV ს-ში კი მეფე ფარნავაზმა მცხეთა დედაქალაქად გამოაცხადა.

რვაასი წლის მანძილზე V საუკუნის ბოლომდე, მცხეთა ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. დედაქალაქის თბილისში გადასვლის შემდეგ კი კულტურულ და რელიგიურ ცენტრად ყალიბდება. 

ჩვენი წ. აღ-ის IV საუკუნის დასაწყისში, მცხეთაში ქრისტიანობა იქადაგა წმ. ნინომ. მეფე მირიან III და დედოფალი ნანა გაქრისტიანდნენ და შესაბამისად, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამ გარემოებითაა განპირობებული ის ფაქტი, რომ ქალაქში მრავლადაა საეკლესიო სამონასტრო ნაგებობათა ანსამბლეა: სვეტიცხოველის ხის ეკლესია- IV ს. ქვის ბაზილიკა V-ს. სამთავროს წმ. ნინოს ეკლესია IV- ს. ქვის მცირე ეკლესია VI- ს. ანტიოქია. VII- VIIIს. განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქაში შენდება დიდი ტაძრები : სვეტიცხოველი 1010-1129 წ. ხუროთმოძღვარი არსუკიძის მიერ მელქისედეკ კათალიკოსის ხელმძღვანელობით. სამთავროს საეკლესიო კომპლექსი XI-საუკუნე 30-წლები. 

მცხეთის არქეოლოგიურმა გათხრებმა ნათელი მოჰფინეს ქალაქის წარსულს, გამოამზეურეს საუკუნეების წინათ მომხდარი ამბები. მცხეთის დიდმა ისტორიულმა წარსულმა განაპირობა ის, რომ 1940 წლიდან არქეოლოგიურ და არქიტექტულ ნაკრძალად გამოცხადდა არმაზის მიდამოები; 1957 წლიდან კი ძველი მცხეთის ტერიტორია მდინარეების: არაგვისა და მტკვრის შუა ბებრის ციხემდე; 1966 წლიდან კი მცხეთის ტერიტორია მთლიანად. 

1994 წლიდან მცხეთა გამოცხადდა ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. 2014-2017 წლებში მცხეთა თვითმართველი ქალაქი იყო.

არა მარტო ქალაქი მცხეთა, არამედ მთლიანად მცხეთის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული სოფლებიც უხვადაა დატვირთული უნიკალური ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლებით. თითოეული მათგანი უნიკალურუია თავისი სიძველითა და მნიშვნელობით. თუნდაც, ავიღოთ ძალისას კომპლექსი, რომელიც სოფელი ძალისას აღმოსავლეთით მუხრანის ველზე მდ.ნარეკვავის ორივე ნაპირზე მდებარეობს და ძვ.წ.აღ. II ს. - ახ.წ.აღ. VIII-საუკუნეებით თარიღდება. კოკმპლექსის შემდგენლობაშია: 

1. სამაროვანი ძვ.წ. II ს და ახ.წ.აღ. IV -VII ს.

2. ნაქალაქარი ძვ.წ.აღ. II ს და ახ.წ.აღ. IV -VIII ს. ა) ტაძარი დარბაზებით; ბ) დარბაზის იატაკის უნიკალური მოზაიკა; გ) სასახლისაგან შემორჩენილი კოლონები და ბაზისები; დ) აბანო-ცხელი, თბილი და ცივიწყლის განყოფილებებით. ერთი აბაზანა ფერადი მოზაიკითაა მოპირკეთებული; ე) ატრიუმი;    ვ) ტაძარი, რომელშიც რომელიღაც ღვთაების  ქანდაკება იდგა; ზ) რომაული ტიპის აბანო. 

3. გორა ნამოსახლარი ჩვ.წ.აღ. I-IV საუკუნე;

4. ნასოფლარი შუა და გვიან ფეოდალური ხანა;

5. დარბაზული ეკლესია გვიან ფეოდალური ხანა.

ძალისის მეზობლადაა სოფელი მუხრანი, რომელიც ძვ.წ.აღ. III-II საუკუნეებში დიდი მცხეთის სასოფლო გარეუბანს წარმოადგენდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო- სამიმოსვლო გზები ანტიკურ და განვითარებულ ფეოდალურ ხანებში. დიდი როლი შეასრულა ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობაში. მუხრანის ბაგრატიონთა შტო, ქართლის ტახტს განაგებდა 1658 - 1724 წლამდე. ამ შტოს წარმოადგენდა მრავალი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი და მეცნიერი (გიორგი XI, ვახტანგ VI, ვახუშტი და სხვა). XVIII ს-ის II ნახ. - ში მუხრანბატონები მხარში ედგნენ ერეკლე II-ს და თავდადებით იბრძოდნენ გარეშე მტრების წინაამღდეგ. XIX ს-ის 40-იან წლებში რუსულმა მმართველობამ გააუქმა სამუხრან ბატონო. დღემდე შემორჩენილია სამი სასახლე:

1. ციხე გალავნის ციტადელის კოშკის თავზე არსებული წარწერის მიხედვით XVIII საუკუნის 30-იან წლებში აუშენებია მამუკა მუხრანბატონს ლევან მუხრანბატონის დახმარებით. სასახლიდან შემორჩენილია დანგრეულ მდგომარეობაში: ა) ციტადელი გალავნით და კოშკებით; ბ) კარის ეკლესია; გ) გრიგოლ განმანათლებელის სახ. ეკლესია; დ) დარბაზული ეკლესია. 

2. მუხრანბატონთა სასახლე, რომელიც აგებულია XIX-საუკუნის მეორე ნახევარში და ეკუთვნოდა მსხვილ ქართველ მემამულეს, რუსეთის არმიის გენერალ - ლეიტენანტს ივანე კონსტანტინეს-ძე მუხრანბატონს (1809წ-1895წ).

3. ნიკო ბურის სასახლე, რომელიც აგებულია XIX  საუკუნეში;

VI საუკუნეში საქართველოში სჯულის საქადაგებლად შემოვიდა 13 ასურელი მამა წმინდა იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით. ასურელ მამათაგან სამნი იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი და იასე წილკნელი მცხეთის სიახლოვეს  დამკვიდრნენ. მათი ლოცვისა და ღვაწლის დამსახურებაა ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სამი დიდი სამონასტრო კომპლექსი, სადაც VI საუკუნიდან მოყოლებული არასდროს განელებულა სამონასტრო ცხოვრება. ესენია: 

1. ზედაზნის სამონასტრო კომპლექსი VI-XIXს : ა) ნათლისმცემლის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკა VI-XIXს. ბ) მოხატულობა XVIIს. გ) ციხე-გალავანი XV-XVIIს. დ)- სენაკები თარიღდება ფეოდალური ხანით, ერთ სენაკში ბუხარია( XIXს.). 

2. შიომღვიმის სამონასტრო ანსამბლეა VI-XIXს : ა) მღვიმე-ეკლესია VI- XI სს.(შიოს თავდაპირველი სამყოფელი). ბ) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია VI-XIXს. გ) კანკელი. დ) სამწირველო-შუა საუკუნეები. ე) კარიბჭე. ვ) სამრეკლო 1733 წ. თ) შიოს სასაფლაო-ეკლესია VI- XI სს. ი) ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი 1678-1733წწ. კ) სატრაპეზო VII-IX- XII- XVII. ლ) 100-ზე მეტი მღვიმე. მ) ცრემლის წყარო. ნ) წყალსადენი , რომელიც სათავეს იღებდა სოფ. სხალტბაში და ამარაგებდა მონასტერს 1202 წ. ო) ამაღლების ეკლესია XIIს. მოხატულობა XIIIს. 

3. წილკნის ღვთისშობლის საეპისკოპოსო ტაძრის კომპლექსი VI-XIXს,  რომელიცსხვადასხვა დროის სამ ნაგებობას აერთიანებს: ა) დარბაზულ ეკლესიას -IV ს. დასასრული-V ს. -ის I  ნახ. ბ) სამნავიან  ბაზილიკას V -VI ს.ს.მიჯნა.  გ) გუმბათოვან ტაძარი - განვით. ფეოდ. ხანა.  დ) მოხატულობ XVI-XVIIIს. ე) გალავანი,კოშკები,სამრეკლო  XVIII- XIXს. 

ასურელმა მამებმა საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი მონასტერი ააშენეს, ქართველ წარმართულ მოსახლეობასა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ქრისტიანობა გაავრცელეს და ჩრდილოეთი მხარეები ეკლესიურად საქართველოს დაუქვემდებარეს. სწორედ მათი თაოსნობით ჩაეყარა საფუძველი ქვეყანაში სამონასტრო ცხოვრებას. დიდი იყო ასურელი მამების მოღვაწეობის სოციალურ - ეკონომიკური შედეგიც. მათ მიერ დაარსებულმა სამონასტრო ცენტრებმა ხელი შეუწყვეს უდაბურ - უკაცრიელი ადგილების სამეურნეო ათვისებას. ამავე დროს ეს სავანეები ქართული მწიგნობრობისა და განათლების ცენტრებად იქცნენ. 

ქ. მცხეთიდან დასავლეთით მდ. მტკვრის ორივე სანაპირო დატვირთულია უნიკალური ძეგლებით: არმაზისხევი (პიტიახშთა სამაროვანი, აბანო, სასახლის ნაშთები) ახ.წ.აღ-ის პირველი საუკუნით თარიღდება; ქვემო ნიჩბისში, ციციშვილების ციხე-დარბაზი (კოშკებიანი გალავანი, სასახლე, ეკლესია, აბანო ) - XVII ს; ქსნის ციხე, რომელიც აგებულია 1511-14 წ.წ.; აგრეთვე, არაგვის ხეობა და მისი შემოგარენი.

სოფელ საგურამოში მდებარეობს ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმი, რომელიც 1894 წელსაა აგებული. მასში ილიას მკვლელობის მერე დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებდა, შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან კი მწერალთა და ხელოვანთა დასასვენებელი სახლი იყო გახსნილი.ამჟამად, წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ხელნაწერები და გამოცემები.

მცხეთის მუნიციპალიტეტში ოფიციალურად აღრიცხულია 300-მდე უძრავი ძეგლი, 30000-ზე მეტი არტეფაქტი, 50-ზე მეტი არქეოლოგიური უბანი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად დღესაც მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაძეგლების პროცესი. 



© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018