10 ივლისს მცხეთის კულტურის სახლში დიმიტრი ხუნდაძემ მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა. საქართველოს პარლამენტში მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა საკანონმდებლო უწყებაში 6 წლიანი მუშაობა შეაფასა. ხუნდაძემ დამსწრე საზოგადოებას განხორციელებული პროექტები გააცნო და დარბაზში დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ, სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ზაუტაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე.შესრულებულ სამუშაობსა და არსებულ პრობლემებზე ტრიბუნასთან ისაუბრა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაც. გელა ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის წევრს მუნიციპალიტეტის წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის:
"მივესალმები დამსწრე საზოგადოებას, მივესალმები საპატიო სტუმრებსა და საქართველოს პარლამენტის წევრს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს.
მოხარულნი ვართ, თქვენი 6 წლიანი ნაყოფიერი მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშის მოსმენით. საქართველოს პარლამენტში თქვენი მუშაობის პერიოდში, თითოეული ჩვენგანი ვგრძნობდით თქვენს თანდგომასა და გულითად ზრუნვას მუნიციპალიტეტზე, ამის დასტურია რაიონის თითქმის ყველა სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშოაბი. ის ძირეული ცვლილებები, რაც ბოლო წლებში სახელმწიფოში ხორციელდება, არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. აღსანიშნავია წინ გადადგმული ნაბიჯები ადამიანის უფლებების კუთხით და დემოგრაფიული საკითხების წინ წამოწევა, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბატონი დიმიტრის მუშაობა, რომელიც მოგეხსენებათ, აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი იყო.
თითქმის არ დარჩენილა სფერო, რომელშიც ძირეული ცვლილებები არ განხორციელდა. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას.
მე თქვენ წინაშე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით ვისაუბრებ. მინდა გავაჟღერო მმართველი პარტიის მიერ არჩეული დეპუტეტების აზრი. თითოეული მათგანი წარმომადგენლობით ორგანოში მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ აირჩია და დიდი ნდობით სარგებლობენ. ის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, რის საფუძველზეც „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაა წარმოდგენელი მცხეთის საკრებულში, მოწმობს ხელისუფლებისა და ბატონი დიმიტრი ხუნდაძის ნაყოფიერ მუშაობას, რომლის დადებითი შედეგებიც ყველასთვის საგრძნობი გახდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაწყებული სასიკეთო ძვრები იგრძნობა ყველა ქალაქსა თუ სოფელში და ამ მხრივ გამონაკლისს არც მცხეთის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს. მუზეუმი, კულტურის სახლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სტადიონები, გზები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები.... უკვე შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ჩამონათვალი გრძელია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენ მხოლოდ მხარდამჭერთა ხელისუფლება არ ვართ, ჩვენ, ასევე, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის დეპუტატებიც ვართ, ამიტომ აქტიურად ვთანამშრომლობთ თოთოეულ მოქალაქესთან, გვაქვს მუდმივი შეხვედრები ჩვენს ხალხთან და კარგად ვიცნობთ რაიონში არსებულ პრობლემებს.
მიუხედავად ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის საგრძნობი წინსვლისა, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ გარკვეული სირთულეები ამ დრომდე რჩება. მოსახლეობისა და შესაბამისად, ჩვენ მთავარ პრობლემად ისევ მორატორიუმის საკითხი უნდა დავასახელოთ. ძველი სატახტო ქალაქი, ნამდვილად არის ქვეყნის მთავარი სავიზიტო ბარათი და ის ქალაქ-მუზეუმს წარმოადგენს. თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ მცხეთის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ვამაყობთ იმ კულტურული მემკვიდრებით, რასაც ჩვენი ქალაქი ფლობს, მაგრამ ქალაქებიცა და კულტურაც ადამიანებისათვის იქმნება და ჩვენ არ უნდა შევწვიტოთ განვითარება, თორემ ყველას მოგვეხსენება, რაც არ ვითარდება, ის კვდება.
უკვე წლებია მცხეთაში მოსახლეობა მიწადმშენებლობის გენერალური გეგმის მოლოდინშია, მაგრამ ეს პროცესები, სამწუხაროდ, ამ დრომდე შეფერხებულია. საკუთარი ქონების განკარგვა არ შეუძლიათ როგორც ქალაქ მცხეთაში, ასევე, წიწამურშიც. ჩვენ, რასაკვირველია, არ ვითხოვთ ქალქის განვითარებას წარსულის განადგურების ხარჯზე, მაგრამ ხალხი ითხოვს გამოსავალს და ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული მთავრობა, ვალდებულები ვართ, მათი თხოვნა შევასრულოთ.
თითოეულ ჩვენგანი ვაცნობიერებთ, რომ სახელმწიფოს მშენებლობას გარკვეული დრო სჭირდება და ამ მნიშვნელოვან მისიაში სახელისუფლებო უწყებები და მოსახლეობა უნდა გაერთიანდეს და ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანოს. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ აღებულმა კურსმა უკეთესი საქართველოსკენ წაგვიყვანა და ცხადია, ეს კურსი არ შეიცვლება. მიუხედავად გარკვეული ძალების მცდელობისა, დემოკრატიის გზაზე მდგარ ქვეყანას, უკან ვეღარავინ დახევს.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პარლამენტში მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს დაუღალავი მუშაობისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვისათვის. გვჯერა, საკანონმდებლო უწყებაში თქვენი მოღვაწეობის მომდევნო წლები კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. ჩვენ ყველა ერთად დაველოდებით თქვენი 8 წლიანი მუშაობის შემაჯამებელ ანგარშსაც, სადაც დარწმუნებული ვართ, შევა ის საკითხებიც, რაც ამ დრომდე გადაუჭრელი რჩება.
მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის."