26 იანვარს, რეგიონში განსახორციელებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მხარის გუბერნატორის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, საკრებულოს წარმომადგენლები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები,მერის წარმომადგენლებთან ერთად ,ძეგვის,ხეკორძის, კარსანის, მუხათგვერდის, ზაჰესის,გოროვნის, სხალტბისა, და ვაზიანის მოსახლეობას შეხვდნენ და თითოეულ სოფელში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტი განიხილეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად მოსახლეობასთან კონსულტაციები რამდენიმე სოფელში უკვე ჩატარდა, ეტაპობრივად დარჩენილ სოფლებშიც მიმდინარეობს. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თითოეულ სოფელში, შერჩეული პროექტის განხორციელებისთვის 5000-დან 10000 ლარამდე თანხას გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მოსახლეობა პრიორიტეტულ პროექტებს თავად განსაზღვრავს.