მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში წლის ბოლომდე ახალი სკვერი მოეწყობა.
ადგილზე არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვადასხვა სახის ღონისძიების გატარებას გულისხმობს. მათ შორისაა - საბავშვო-გასართობი, მოსასვენებელი და გამწვანების ზონების მოწყობა, შადრევნისა და განათების სისტემის მონტაჟი. აგრეთვე, რეკრეაციულ სივრცეში დაიდგმება მოსასვენებელი სკამები და ურნები. ბეტონის ფაქტურით კეთილმოეწყობა სკვერის ბილიკი, ტერიტორია კი ლითონის კონსტრუქციით შემოიღობება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "ლაგო" ახორციელებს. სახელშეკრულებო ღირებულება 360 180 ლარს შეადგენს.