მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება

სოფელ ჯიღაურაში არსებული ბეტონის საწარმოსთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოყენებულია როგორც საჯარიმო სანქცია ასევე, 2022 წლის 11 აგვისტოს გამოტანილია Nდ-34.34222234 დადგენილება აღნიშნული საწარმოს დემონტაჟის თაობაზე, რომელიც გასაჩივრებულია მცხეთის რაიონულ სასამართლოში, 2022 წლის 14 აგვისტოს.ვასაჯაროებთ დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, მოქალაქე ლ.ა - ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ ნაგებობასთან (ბეტონის საწარმო) დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ:

2022 წლის 13 აპრილს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა მოქალაქის განცხადება რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საწარმო განთავსებული იყო უნებართვო შენობა-ნაგებობაში. რის საფუძველზეც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, 2022 წლის 26 აპრილს, კანონმდებლობის დაცვით, შედგენილ იქნა მითითების აქტი, რომლითაც მესაკუთრეს დაევალა, გონივრულ ვადაში, საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ვინაიდან ლ.ა - ს მიერ ვერ მოხდა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენა, 2022 წლის 25 მაისს გამოტანილ იქნა დადგენილება დაჯარიმების შესახებ - კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

ამავე წლის 11 აგვისტოს Nდ-34.34222234 დადგენილებით, ჯარიმის გარდა ლ.ა -ს დაევალა კანონმდებლობის დარღვევით აშენებული ნაგებობის ერთი თვის ვადაში დემონტაჟი.

მოქალაქე ლ.ა -ს მიერ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გასაჩივრებულ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული Nდ-34.34222234 ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, უკანონო ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე, რომელიც სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს N3/172-22 განჩინებით, შეჩერებულ იქნა საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე.

2023 წლის 15 მარტს ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლ.ა -ს მიმართ განხორციელდა ახალი მონიტორინგი, რა დროსაც გამოვლინდა შემდეგი: ბეტონის საწარმოს რკინის კონსტრუქციის მცირე ნაწილი (კერძოდ წყლის ავზი) განთავსებული იყო სახელმწიფო მიწაზე. ამასთან, სახელმწიფო მიწაზე განხორციელებული იყო კაპიტალური ღობის უნებართვო მშენებლობა, რაზედაც ლ.ა -ს მიმართ შედგა 2023 წლის 15 მარტის მითითების აქტი N40 და მას დაევალა, 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა და სამშენებლო სამუშაოების შეჩერება.

აღნიშნული მითითების საფუძველზე, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული რკინის კონსტრუქციის წყლის ავზს გაუკეთდა დემონტაჟი და დღეის მდგომარეობით, ბეტონის საწარმო მთლიანად განთავსებულია კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე, რაზედაც გამოტანილია სასამართლოს ზემომითითებული განჩინება, რომლითაც შეჩერებულ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის აქტის მოქმედება ბეტონის ქარხნის დემონტაჟის შესახებ.

2023 წლის 15 მარტს ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლ.ა -ს მიმართ შედგა ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N00045 სახელმწიფო მიწის დაკავება-სარგებლობაზე, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

2023 წლის 28 მარტის მადგომარეობით, ლ.ა -მ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედვეობის სამხახურიის მითითებით სრულად განახორციელა უნებართვოდ განთავსებული კაპიტალური ღობის დემონტაჟი.

ამასთან, 2023 წლის 21 მარტს მერიამ კომპეტენციის ფარგლებში, წერილით მიმართა, სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს - სოფელ ჯიღაურაში ლ.ა -ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბეტონის საწარმოს ფუნქციონირების ინსპექტირების მოთხოვნით.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 117-ე - 118-ე მუხლები ადგენს მშენებლობის ზედამხედველობის სახეებს და განსაზღვრავს ამ სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას. კერძოდ, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტი. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა ეს არის სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულების, მშენებლობის უსაფრთხოების, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა, აგრეთვე უნებართვო მშენებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენა და სათანადო რეაგირება, რაც ჩვენს მიერ განხორციელებულია.

რაც შეეხება უშუალოდ საწარმოს ფუნქციონირების შეწყვეტას, აღნიშნული სცილდება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ, სასამართლო ძალაში დატოვებს ჩვენს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დემონტაჟის შესახებ - შენობის დემონტაჟი ავტომატურად გამოიწვევს საწარმოს ფუნქციონირების შეწყვეტას.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელა ყველა საჭირო ღონისძიება და მიიღო სათანადო ზომები, რაც დასტურდება ზემოთ მითითებული ფაქტებით (რომელიც აღწერილი და დასაბუთებულია ქრონოლოგიურად).

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოყენებულია როგორც საჯარიმო სანქცია, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება აღნიშნული ბეტონის საწარმოს დემონტაჟის შესახებ, რომელიც გასაჩივრებულია მცხეთის რაიონულ სასამართლოში, შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერია მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საწარმოს დემონტაჟი, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გატარებულია ყველა შესაძლო ღონისძიება, შესაბამისად ყოვლად დაუშვებელია უმისამართო და დაუმსახურებელი ცილისწამება და შეურაცხმყოფელი განცხადებები!

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018