მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. რეგიონებში განსახორციელებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 418 000 ლარს შეადგენს. შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართა და მოსახლეობამ განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები თავად განსაზღვრა. მათი უმეტესობა შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, გარე განათების დამონტაჟება, სასმელი წყლის მიწოდების მოწესრიგება, სარწყავი არხების გამართვა და საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობაა. საქართველოს მთავრობის მიერ წელს განახლებული სახელმწიფო პროგრამა, სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თითოეულ სოფელში, შერჩეული პროექტის განხორციელებისთვის 5000-დან 10000 ლარამდე თანხას გამოყოფს. სოფლის მიერ შერჩეული ერთი პრიოექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. შეხვედრების ბოლო დღე, წეროვნისა და წილკნის ი.გ.პ. დასახლებებში შეხვედრებით დასრულდა, რომელსაც მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი, მოადგილე გელა შერმადინი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადგილობრივებმა კრებაზე იმსჯელეს დასახლების საჭიროებებზე და რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი განსაზღვრეს. აღსანიშნავია, რომ წეროვნის წილკნისა და ფრეზეთის ი.გ.პ დასახლებებში პროექტების განხორციელებისთვის მთავრობის მიერ გამოყოფილ თანხებს პრიორიტეტების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც დაუმატებს თანხას.