9 აპრილს, მისაქციელის ახალ სპორტულ კომპლექსში ჭიდაობის დარბაზი გაიხსნა, სადაც 60-ზე მეტი ახალგაზრდა ვარჯიშობს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით აღნიშნულ დარბაზში საქართველოს ღია ტურნირი ჩატარდა თავისუფალ ჭიდაობაში.
დარბაზმა საქართველოს მასშტაბით 9 გუნდს უმასპინძლა.
პირველი ადგილი მისაქციელელმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს, ხოლო მეორე და მესამე ადგილები თბილისისა და მცხეთის გუნდებმა გაინაწილეს.
ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან, მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძესთან, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან და ღონისძიების ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდა.
მისაქციელის ახლადგახსნილი დარბაზი ჭიდაობის მსურველ ყველა ახალგაზრდას მოემსახურება მწვრთნელებთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის მოყვარულებისთვის, ასევე, მოწყობილია სპორტული მოედანი და დამონტაჟებულია ტრენაჟორები. დაგეგმილია სკვერის მოწყობაც.
მცხეთის მუნიციპალიტეტში, სპორტის ხელმისაწვდომობა მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.