მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, სოფელ წილკნის დევნილთა დასახლებაში მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფარი გახსნა.
პროექტი, რომლის საგრანტო ღირებულება დაახლოებით 1,020,000.00 აშშ დოლარს შეადგენს, აშშ-ის ევროპული სარდლობის და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიერ დაფინანსდა. 24 ბენეფიციარზე გათვლილი შენობა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესაბამისი ინვენტარით უკვე აღიჭურვა.
თავშესაფრის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორ ბრაიან კემპთან და პირველ ლედისთან მარტი კემპთან, აშშ-ის ჯორჯიის შტატის გვარდიის გენერალ-ადუტანტ ტომას კარდენთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
“დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. წილკნის დევნილთა დასახლებაში გავხსენით მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფარი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
თავშესაფარში მყოფი მოხუცებისთვის იქნება ყველანაირი პირობა იმისათვის, რომ მათ კომფორტულად და ღირსეულად იგრძნონ თავი.
აღნიშნული პროექტი, ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი და ჩვენ მზად ვართ მათთან მომავალშიც გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა” - განაცხადა დიმიტრი ზურაბიშვილმა.