მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქარხანა ,,მინა"-ში ახალი სახარში ღუმელი გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანში „შიშეჯამ ჰოლდინგის“ წევრი  „მინას“ ახალი სახარში ღუმელის გახსნის ცერემონია გაიმართა. 

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

მინის ტარის მწარმოებელ ქართულ საწარმოში, 19.4 მილიონი ევროს ინვესტირებით, საწარმოს ერთ-ერთი ღუმელის განახლებისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვის პროცესი წარმატებით დასრულდა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ინვესტიციის განხორციელების დროს, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ჩართულობა, ხედვა და მხარდაჭერა. 

„შიშეჯამი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თურქული საწარმოა მსოფლიოში, რომელიც გლობალური მოთამაშეა მინის წარმოების ისეთ ბიზნესმიმართულებებში, როგორებიცაა: ბრტყელი მინა, მინის ჭურჭელი, მინის შეფუთვა, საავტომობილო მინა, მინის ბოჭკოვანა, ასევე, სოდა და ქრომის ქიმიკატების მოპოვება. 

"შიშეჯამი" მინის შეფუთვებისა და ბრტყელი მინის წარმოებაში მსოფლიოს მასშტაბით ხუთეულშია. 

საწარმოში 240 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის უმრავლესობა ახლომდებარე სოფლებიდან. გარდა ამისა, „მინას“ მუდმივად  ემსახურება  100-ზე მეტი ადამიანი პერიოდულ სამუშაოებზე. 

წარმოების პროცესში  „მინა“ ადგილობრივი ბუნებრივი რესურსებიდან მიღებულ ნედლეულსა და მასალებს იყენებს, რითაც ხელს უწყობს ადგილობრივი საწარმოების განვითარებას.

კომპანია საერთაშორისო მასშტაბის ოპერირებითა და თავისი 88 წლიანი გამოცდილებით 24 000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. მისი საწარმოო საქმიანობა  45 ფილიალით ოთხ კონტინენტზე 14 ქვეყანას მოიცავს, ხოლო გაყიდვებს 150 ქვეყანაში აწარმოებს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018