წეროვნის დევნილთა დასახლებას იაპონიის ახლადდანიშნული ელჩი იშიძუკა ჰიდეკი სტუმრობდა,
რომელმაც იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ახალგორის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა” - გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაზე ახალგორის მუნიციპალიტეტს პროექტის ფარგლებში შეძენილი მძიმე ტექნიკა ოფიციალურად გადაეცა.
ექსკავატორის დახმარებით, ფრეზეთის, წეროვნისა და წილკნის დევნილთა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა გაუმჯობესებულ მუნიციპალურ-ინფრასტრუქტურულ სერვისებს მიიღებს. გრანტის მოცულობა 66 674 აშშ დოლარს შეადგენს.
ელჩსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, გაიმართა გაცნობითი სახის შეხვედრაც, რომელსაც მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე და ახალგორის მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს პროექტის მომზადებისა და განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო თანამშრომლობისათვის კვლავ მზადყოფნა გამოთქვეს.