მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, დანიის ელჩს ანე ტოფტ სორენსენს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს ნიკ ბერესფორდს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანს, მცხეთაში უმასპინძლა.
მერმა, სტუმრებს დანიის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების შედეგები გააცნო. ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მცხეთაში ყოფნისას, სტუმრებმა სვეტიცხოვლის ტაძარი მოინახულეს და ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის ისტორიას გაეცნენ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, დიმიტრი ზურაბიშვილთან ერთად დელეგაცია ტურისტულ საინფორმაციო ცენტრსაც ეწვია, სადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული შესაძლებლობების განვითარებასა და გამოყენებაზე ისაუბრეს. სტუმრებმა განიხილეს, თუ როგორ აისახება ადგილობრივი და საერთაშორისო ტურიზმი როგორც მთლიანად მუნიციპალიტეტის, ისე სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
მათ, ასევე, გამოსცადეს დანიისა და UNDP-ის ხელშეწყობით შექმნილი აუდიო გიდი, რომლის მეშვეობითაც ტურისტები ეცნობიან საინტერესო ინფორმაციას მცხეთის ათასწლოვანი ისტორიისა და კულტურული ღირშესანიშნაობების შესახებ.
მუნიციპალიტეტში განხორციელებულმა ვიზიტმა ხაზი გაუსვა დანიის, UNDP-სა და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც ადგილობრივი განვითარების, მოქალაქეთა ჩართულობის, მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და თანასწორი საზოგადოების მშენებლობის მიზნებს ემსახურება. დანიისა და UNDP-ის დახმარება ხორციელდება საქართველოს 23 მუნიციპალიტეტში 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის პროექტის ფარგლებში.