7 თებერვალს, მცხეთის მერიაში, ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებთან და ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდების მიზნებისა და ამოცანების ეფექტურ უზრუნველსაყოფად კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას, რომლის საფუძველზე ჩამოყალიბდება შესაბამისი მიდგომები და მექანიზმები ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის. კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა გახლავთ World Vision საქართველოს ახალგაზრდული პროექტის ,,კომპედენციები დასაქმებისთვის“ ერთ-ერთი მიზანი. პროექტი ხორციელდება World Vision საქართველოს მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან, ასოციაცია ,,ანიკასა” და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ,,ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების დასაქმების უნარიანობის ზრდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოთხი რეგიონის 9 მუნიციპალიტეტში, მათ შორისაა მცხეთა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, სოციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და მოწყვლადი ჯგუფების სოციო-ეკონომიკურ ინტეგრაციას საზოგადოებაში. შეხვედრას მცხეთაში ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, ასოციაცია ,,ანიკას“ დირექტორი ირინე ინასარიძე, ამავე ასოციაციის წარმომადგენელი სოფო კიკვიძე, ახალგაზრდული პროგრამის ტექნიკური კოორდინატორი ირაკლი გიორნელიძე, ფერმერთა ასოციაცია - ნიკოლოზ მესხიშვილი, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მცხეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ფარნაოზ იორდანიშვილი, საჯარო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები და ადგილობრივ ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების ხელმძღვანელები.