დაე, სიკეთისკენ, სიხარულისკენ და სიყვარულისკენ გეცვალოთ ფერი!
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთაში, ფერისცვალების სახელობის სამთავროს დედათა მონასტერში, სადღესასწაულო-საღმრთო ლიტურგია დასრულდა.
ფერისცვალების დღეს ტაძრებში ხილის კურთხევა ხდება. ეს დღე თევზით ხსნილია.
მართმადიდებლურ ეკლესიაში ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა.
უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა:„და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“(მათე XVII,2).
მთიდან ჩამოსვლისას მაცხოვარმა გააფრთხილა მოწაფეები, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.
ფერისცვალების ნათელი ხატებზე წმიდანთა თავზე დამდგარი შარავანდედის სახით გამოისახება.