სოფელ მუხრანში რიგით 62-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა 200-ზე მეტი სერვისი სოფლიდან გაუსვლელად, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ბიბლიოთეკა ციფრული და ბეჭდური წიგნებით, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი, ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურება − მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში 62-ე საზოგადოებრივმა ცენტრმა ფუქნციონირება დაიწყო. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მოადგილე გივი გიუტაშვილი, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე და მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი. რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2013 წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (მაგალითად, აიღოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაარეგისტრიროს ქორწინება და ა.შ.), საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით. საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, სოფლიდან გაუსვლელად აიღონ პენსია. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღების გარდა, მუხრანის მოსახლეობას საზოგადოებრივ ცენტრში შეუძლია, ისარგებლოს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკით, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიცაა. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ინტერნეტის მეშვეობით მათ შეუძლიათ, მიიღონ მათთვის საჭირო და საინტერესო უახლესი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე, რის შესაძლებლობასაც ისინი მანამდე მოკლებული იყვნენ. ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუხრანის ცენტრის გარდა, თანამედროვე სტანდარტების 61 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს.