ახალი საბავშვო ბაღი და ახალი სკვერი ერთ სივრცეში, სოფელი პატარა ქანდა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა, სოფელში არსებული სპორტული მოედნის და ახალი სკვერის მიმდებარედ აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად მოეწყობა საბავშვო ბაღის შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები და კომუნიკაციები. გათვალისწინებულია სათავსოთა სრული აღჭურვილობა, მუსიკალურ-სპორტული დარბაზი, გასახდელები, სამზარეულოს ბლოკი, სამედიცინოსა და ადმინისტრაციის ოთახები, აგრეთვე სამრეცხაოსა და პერსონალის ოთახები. ის სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
პატარა ქანდის, 50 ბავშვზე გათვლილი, საბავშვო ბაღის მშენებლობა 2024 წლის სექტემბრისთვის დასრულდება.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საერთო ჯამში დაგეგმილია 7 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და 14 ბაღის რეაბილიტაცია.
სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი თვითმართველობების მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.