საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, იწყებს ,,მოყვარულთა თასი“-ს გათამაშებას სამოყვარულო დიდ ფეხბურთში, რომელიც სტარტს 1 აპრილს აიღებს და მიმდინარე წლის 15 დეკემბერს დასრულდება.
,,მოყვარულთა თასი“ არის ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს - UEFA-ს მიერ.
2019 წლის სეზონის გამარჯვებული სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი 2020 წელს UEFA REGIONS GRUP- ის ჯგუფურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.
,,მოყვარულთა თასი 2019“ სამ ეტაპად ჩატარდება: მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური.
მუნიციპალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის გუნდები, რომლებიც იასპარეზებენ თასის სისტემით, ერთ წრედ. მუნიციპალური თასის გამარჯვებული და ზოგიერთ შემთხვევაში, მეორეადგილოსანი გუნდი, იასპარეზებს ტერიტორიულობის პრინციპით, რეგიონულ ლიგაზე. მუნიციპალურ ეტაპზე თითოეულ მუნიციპალიტეტში სავალდებულოა მინიმუმ ოთხი გუნდის ასპარეზობა.
რეგიონულ ეტაპზე 9 ლიგა შეიქმნება. თითოეული ლიგის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს, რეგიონის საუკეთესო, არანაკლებ 5 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. რეგიონულ ეტაპზე გასული საფეხბურთო გუნდები იასპარეზებენ ლიგის სისტემით, ორ წრედ.
ფინალურ ეტაპზე კი 32 საუკეთესო სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი იასპარეზებს, ოლიმპიური სისტემით, ჩემპიონის გამოსავლენად, რომლებიც ტერიტორიული პრინციპით გადანაწილდებიან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ზონებში.
ჩემპიონატის მონაწილე მუნიციპალიტეტები მუნიციპალურ ეტაპზე უზრუნველყოფენ: საფეხბურთო მოედნებს, მატჩების უსაფრთხოებას, სამედიცინო მომსახურებას. ასევე, მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ რეგიონულ ეტაპზე გასული გუნდების იურდიულ პირად რეგისტრაციას, სათამაშო ფორმებს და ტრანსპორტირებას რეგიონულ და ფინალურ ეტაპებზე.
ჩემპიონატის სხვა საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.
მონაწილე მუნიციპალიტეტებმა 2019 წლის 22 თებერვლამდე, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას ოფიციალური წერილით უნდა დაუდასტურონ პროექტში მონაწილეობა, ხოლო გუნდების ოფიციალური განაცხადები უნდა გამოგზავნონ 2019 წლის 8 მარტამდე. კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ტურნირი დაიწყება მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებულ დროს.
ჩემპიონატში მონაწილეობა არის უფასო. ჩემპიონატის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი 16 წლის ასაკიდან, რომელიც არ ირიცხება საქართველოს ეროვნულ ლიგებში, რეგიონულ ლიგაში, ფუსტალისა და ჭაბუკთა ლიგებში.
მონაწილე გუნდებმა უნდა წარმოადგინონ 18 - იდან 30 - მდე რაოდენობის მოთამაშეთა განაცხადი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - gafaleague@gmail.com .
ტელ :577 02 08 77; 555 00 68 11.
მცხეთა. ივ.ჯავახიშვილის ქუჩა 12.
ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურში - ქ. მცხეთა, ანტიოქიის 7.