„მცხეთობა-სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.
წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, მცხეთაში ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვის გარეშე.
13 ოქტომბერს, დილის 06:00 საათიდან ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, ხოლო 19:00 საათიდან - სრულად.
მცხეთაში დასავლეთიდან მომავალი ავტოტრანსპორტი ,,მარანი ჰოლთან“ იმოძრავებს თეატრონის მიმართულებით, ხოლო თბილისიდან შემოსულ ტრანსპორტს შეეძლება სამთავროს დედათა მონასტრის ასასვლელისკენ მოძრაობა და ცენტრიდან უკან დაბრუნება ფარნავაზის მოედნისკენ ან დასავლეთით თეატრონის გავლით გზის გაგრძელება.
14 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში მოძრაობა მცხეთაში იქნება ცალმხრივი.
ფარნავაზის მოედნიდან მცხეთაში შემოსული ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს კოსტავას ქუჩით დასავლეთის მიმართულებით.
მცხეთაში დასავლეთიდან შემოსულ ტრანსპორტს კი ბებრის ციხიდან თეატრონის მიმართულებით შეეძლება გადაადგილდება.
ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე მოძრაობა სრულად აღდგება.