მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


„გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ წიგნის წარდგენა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“- წიგნის წარდგენა გაიმართა. ასევე, ამავე თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის თანამშრომლებთან და საკონკურსო კომისიის წევრებთან ერთად კონკურსის - „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ მონაწილეები დააჯილდოვა. 

პროექტი „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ იმ გმირების ხსოვნისა და სახელის უკვდავყოფას მიეძღვნა, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად. მისი ძირითადი მიზანი ახალგაზრდებში ომის ნეგატიური შედეგების გააზრება, კონფლიქტების დარეგულირებისას ხელოვნების როლის წინ წამოწევა და ახალგაზრდა, დამწყები მხატვრების, ესეს ავტორების, გრაფიკული დიზაინერებისა და წიგნის რედაქტორების გამოვლენა და წახალისებაა.

აღნიშნული პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დაიწყო.

კონკურსი ოთხი მიმართულებით გაიმართა: ნახატების, ესეების, წიგნის ყდის დიზაინისა (შესრულებული გრაფიკულ პროგრამებში) და წიგნის რედაქტორის. გამარჯვებულები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებითდაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. 

პროექტის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოსცა კრებული,  რომელშიც აფხაზეთის თემაზე შექმნილი საკონკურსო ესეები და ნახატებია შესული. 

აღსანიშნავია, რომ ყდის დიზაინერიც და რედაქტორიც კონკურსის შედეგად შეირჩა

და კრებული მთლიანად მცხეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ჩართულობით გამოიცა.

კონკურსში ნახატების მიმართულებით 14-დან 18 წლის ჩათვლით ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვა 16 წლის მაგდა ლაფერაშვილმა სოფ. ძეგვიდან, ხოლო 18-დან 29 წლის ჩათვლით ასაკობრივ კატეგორიაში - 23 წლის მარიამ სისაურმა სოფ. ნავდარაანთკარიდან. 

ესეების მიმართულებით 14-დან 18 წლის ჩათვლით ასაკობრივ კატეგორიაში კი გამარჯვებული გახდა 18 წლის ეკატერინე სარიშვილი სოფ. მუხრანიდან. 

კონკურსის შედეგად გამოვლინდა წიგნის ყდის დიზაინერიც, რომელიც 26 წლის მარიამ ქავთარაძე გახდა სოფ. გალავნიდან. წიგნის რედაქტორის კონკურსი გაიმართა ტესტირების გზით, რის შედეგადაც წიგნის „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ რედაქტორი გახდა 24 წლის ანა ედიშერაშვილი სოფ. გალავნიდან.

კონკურსის მონაწილეებს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან მადლობის სიგელები და წიგნები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულებს - დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. 

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018