2 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, მცხეთის პირველ საჯარო სკოლაში, კომაროვის საშაბათო სკოლა გაიხსნება.
თბილისში საშაბათო სკოლის ათწლიანი წარმატებული ფუნქციონირების შემდეგ, კომაროვის სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ეს პროექტი გააფართოვოს და რეგიონის მოსწავლეებსაც შესთავაზოს.
იმის მიუხედავად, რომ კომაროვის სკოლა თბილისში მდებარეობს იგი მთელი საქართველოს ნიჭიერი მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. მოგეხსენებათ, რომ კომაროვის სკოლას აქვს კეთილმოწყობილი პანსიონი, რომელშიც მუდმივად რეგიონებიდან 100 საუკეთესო მოსწავლე ცხოვრობს და განათლებას კომაროვის სკოლაში იღებს სრულიად უფასოდ.
კომაროვის სკოლისთვის რეგიონებთან ურთიერთობა მეტად მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი წარმატებული მოსწავლე, თუ კურსდამთავრებული, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები არიან. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ საშაბათო სკოლის რეგიონში გახსნა ხელს შეუწყობს უფრო მეტი ნიჭიერი ბავშვის აღმოჩენასა და მომავალში მათ წინსვლას.
სკოლაში მიიღებიან 3 - 4 - 5 - 6 კლასის მოსწავლეები.
გაკვეთილებს ჩაატარებენ "კომაროვის" მიერ შერჩეული კვალიფიციური პედაგოგები. გაკვეთილის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი, 15 წუთიანი შესვენებით და ჩატარდება კვირაში ერთხელ, შაბათ ან კვირა დღეს. გაკვეთილები ძირითადად შეეხება "კომაროვის" შაბათის სკოლაში აპრობირებულ კლასგარეშე საკითხებს, რომლებიც აზროვნებაზე და ლოგიკაზეა დაფუძნებული. სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებს ექნებათ სამი შემაჯამებელი წერა, რომელთაგან ბოლოს წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ჩაირიცხებიან "კომაროვში".
გადასახადი: თვის განმავლობაში 50 ლარი (4 მეცადინეობა).
სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენელი ბავშვები გადასახადისგან თავისუფლდებიან, ასევე, შეღავათი შეეხებათ დედმამიშვილებს. მოცემულ შემთხვევაში ერთი გადაიხდის მთლიან თანხას, ხოლო მეორე გადაიხდის ნახევარს (25 ლარს).
სკოლა გაიხსნება მცხეთის პირველ საჯარო სკოლაში 2019 წლის 2 მარტს, 11.00 საათზე.