მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სააქტო დარბაზში, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მეთოდოლოგიების სისტემის შესახებ, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ცვლილებები სოციალური დახმარების სააგენტოს მომსახურების შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა და შევიდა დადგენილებაში. ცვლილებები განსაზღვრავს სოციალურად დაუცველებისთვის სოციალური დახმარების გაცემის წესებს და იმ კონკრეტულ პირობებს, რის მიხედვითაც ფულადი დახმარების მინიჭება-გაცემა მოხდება. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა წარმოდგენილი პრიორიტეტების შესახებ თავიანთი აზრი დააფიქსირეს და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებიც გასცეს. შეხვედრას ესწრებოდნენ: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მცხეთის სოციალური დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი მაკა ხამხაძე. ასევე, მერის მოადგილეები: გივი გიუტაშვილი, მარინა ზურაბიშვილი, ოთარ ჩხეიძე,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები. ქალბატონმა მაკა ხამხაძემ აღნიშნა: უკვე ამოქმედდა ახალი რეგულაცია მცხეთის მუნიციპალიტეტში. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიზანია ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მქონე პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. 2017 წლის ივლისიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე პროგრამის მოსარგებლეები არიან პირები, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს. აღნიშნული პირები მედიკამენტებს იღებენ სიმბოლურ ფასად 1 ლარად; პროგრამა ვრცელდება შემდეგ დაავადებებზე: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; დიაბეტი (ტიპი II); ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; 2018 წლის 1 სექტემბრიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამას დაემატა შემდეგი მოსარგებლეები: მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, კერძოდ შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც მედიკამენტის შეძენისას სარგებლობენ მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით. პროგრამა გავრცელდა დამატებით შემდეგ დაავადებებზე: ეპილეფსია; პარკინსონის დაავადება; 2018 წლის 1 სექტემბრის შემდეგ მედიკამენტების ჩამონათვალი მოიცავს 34 (ოცდათოთხმეტი) დასახელების მედიკამენტს. პროგრამით სარგებლობის მსურველმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს და გაიაროს რეგისტრაცია ერთჯერადად. ბენეფიციარმა ან მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა რეეგისტრაციისთვის თან უნდა იქონიოს პიადობის დამადასტურებელი მოწმობა და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა), სადაც მითითებული უნდა იყოს ქრონიკული დაავადების დადასტურებული დიაგნოზი, შესაბამისი ICD-10 კოდის მითითებით, მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტ(ებ)ის სახეობა და დღიური დოზა. რეგისტრაციის შემდეგ, მედიკამენტის მისაღებად, პირი მიმართავს აფთიაქს, სადაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და ექიმის (ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, ექიმი-სპეციალისტი) მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, მიიღებს კუთვნილ მედიკამენტ(ებ)ს. მომხმარებელს შეუძლია ერთ ჯერზე მიიღოს მხოლოდ 3 (სამი) თვის სამყოფი მედიკამენტი; დიაგნოზის და/ან მედიკამენტის და/ან დოზის ცვლილების შემთხვევაში, მოსარგებლემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს განახლებული ფორმა N IV-100/ა, რომლის საფუძველზეც განახლდება რეგისტრაცია. 2019 წლის 1 იანვრის შემდეგ, ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა ნაკლებია 100 001-ზე, შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით დაუფიქსირდებათ ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით), სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების (შეწყვეტის) გარეშე უნარჩუნდება (არ უწყდება) რეგისტრაცია და 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში უგრძელდებათ ფულადი სოციალური დახმარების, საარსებო შემწეობის გაცემა, ხოლო 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში უგრძელდებათ მხოლოდ 16 წლამდე ბავშვისათვის (65 001-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები) გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარება, საარსებო შემწეობა. იმ შემთხვევაში, თუ სხვა რაიმე მიზეზით (შემოსავლების გარდა) ოჯახის მონაცემები დაექვემდებარება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადამოწმებას ან თუ ოჯახმა რაიმე საფუძვლის არსებობისას მოითხოვა ოჯახის გადამოწმება, განხორციელდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასება. 2019 წლის 1 იანვრიდან ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალუად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა 100 001-ზე ნაკლებია -საარსებო შემწეობა განისაზღვრა 50 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე. აღნიშნულ ოჯახებზე, 2019 წლის 1 მარტიდან მითითებული 50 ლარიდან 30 ლარი გაიცემა ,,ბავშვის კვების ბარათით“ (თანხის ნაღდი ფულის სახით განაღდების გარეშე), როგორც საარსებო შემწეობა. ,,ბავშვის კვების ბარათი“ წარმოადგენს კანონით განსაზღვრული სურსათის (გარდა ალკოჰოლური სასმელებისა) შესაძენად გამოსაყენებელ, საბანკო დაწესებულების მიერ გაცემულ ბარათს, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება იმ მეწარმე სუბიექტებში, რომლებიც შესაბამისი პროცედურების შემდეგ დარეგისტრირდებიან სოციალური მომსახურების სააგენტოში მომწოდებლებად.