მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში, წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 846 000 ლარია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.
7 თებერვალს, საერთო კრება ჩატარდა საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სადაც პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:
წიწამური -შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და გარე განათების მოწყობა;
საგურამოში -გარე განათების და ფანჩატურის მოწყობა;
ახალსოფელში - გარე განათების მოწყობა;
შანკევანში - გზების მოხრეშვა და გარე განათების მოწყობა.
ყველა დასახელებულ პროექტს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად.
მოსახლეობასთან კონსულტაციები 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
სოფლებში აღნიშნული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე მოცემული ბმულით: https://www.facebook.com/MtskhetaMunicipalityCityHall/posts/pfbid02ox23QbNWjepMcZhfUeNVeNVK9h2GxSYyjDQe6f1PnjJiwctJSq7tRwJdeSViPJSbl