2 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, მცხეთის პირველ საჯარო სკოლაში, კომაროვის საშაბათო სკოლა გაიხსნა. კომაროვის სკოლის გახსნას დაესწრნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, კომაროვის სკოლის დირექტორის მოადგილე მალხაზ ჯინჭარაძე და რეგიონალური შაბათის სკოლების კოორდინატორი მაია ოთიაშვილი, მცხეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ფარნაოზ იორდანიშვილი და მცხეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ვერიკო მაჩხანელი . თბილისში საშაბათო სკოლის ათწლიანი წარმატებული ფუნქციონირების შემდეგ, კომაროვის სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ეს პროექტი გააფართოვოს და რეგიონის მოსწავლეებსაც შესთავაზოს. იმის მიუხედავად, რომ კომაროვის სკოლა თბილისში მდებარეობს იგი მთელი საქართველოს ნიჭიერი მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. მოგეხსენებათ, რომ კომაროვის სკოლას აქვს კეთილმოწყობილი პანსიონი, რომელშიც მუდმივად რეგიონებიდან 100 საუკეთესო მოსწავლე ცხოვრობს და განათლებას კომაროვის სკოლაში იღებს სრულიად უფასოდ. კომაროვის სკოლისთვის რეგიონებთან ურთიერთობა მეტად მნიშვნელოვანია, ბევრი წარმატებული მოსწავლე, თუ კურსდამთავრებული, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები არიან. საშაბათო სკოლის რეგიონში გახსნა ხელს შეუწყობს უფრო მეტი ნიჭიერი ბავშვის აღმოჩენასა და მომავალში მათ წინსვლას. მსურველთათვის განცხადებების მიღება გრძელდება, სკოლაში მიიღებიან 3 - 4 - 5 - 6 კლასის მოსწავლეები. გაკვეთილებს ჩაატარებენ "კომაროვის" მიერ შერჩეული კვალიფიციური პედაგოგები. გაკვეთილის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი, 15 წუთიანი შესვენებით და ჩატარდება კვირაში ერთხელ, შაბათ დღეს. გაკვეთილები ძირითადად შეეხება "კომაროვის" შაბათის სკოლაში აპრობირებულ კლასგარეშე საკითხებს, რომლებიც აზროვნებაზე და ლოგიკაზეა დაფუძნებული. სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებს ექნებათ სამი შემაჯამებელი წერა, რომელთაგან ბოლოს წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ჩაირიცხებიან "კომაროვში".