ახალგორის მუსიკალურ სკოლას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრად გადაეცა ახალი ფორტეპიანო.
სამუსიკო სკოლებში 50 წელია ინსტრუმენტების ფონდი არ განახლებულა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად 417 816 ლარი გამოყო.
მუნიციპალიტეტში არსებული ყველა კულტურის სახლისთვის, სამუსიკო და ხელოვნების სკოლისთვის შეძენილ იქნა სრულიად ახალი, მაღალი ხარისხის ინსტრუმენტები: აკუსტიკური და ციფრული ფორტეპიანო, ციფრული როიალი, ხალხური ფანდური და ბას ფანდური, სალამურები, დოლები, ელექტრო და ელექტრო აკუსტიკური გიტარები, ვიოლინოები, მიკროფონები, სცენის მონიტორები, დინამიკები, ასევე განათება-გახმოვანების სისტემები.
ახალი მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცათ მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლას, მცხეთის კულტურის ცენტრს, საგურამოს დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლას, ქსნის კულტურის სახლს, ქსნის სამუსიკო სკოლას, მუხრანის და ნატახტრის კულტურის სახლებს.
ნატახტრის და მუხრანის კულტურის სახლებისთვის შეძენილ იქნა განათება-გახმოვანების სისტემები.
„მჯერა, რომ სამუსიკო სკოლებში ახალი ინსტრუმენტების არსებობა ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვას, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას. ასევე, სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიებების გამართულად და მაღალ დონეზე ჩატარებას“ - დიმიტრი ზურაბიშვილი.